
საარჩევნო კოდექსზე კონსულტაციები კვლავ გრძელდება
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები კვლავ გრძელდება.
14 ნოემბერს საღამოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან მიხეილ მაჭავარიანთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების კონსერვატორების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების წარმომადგენლები ესწრებოდნენ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
”ჯერ-ჯერობით ყველა საკითხი ღიად რჩება”, – განუცხადა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ Civil.ge-ს 14 ნოემბერს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი ინფორმაციით, დღეს გაგრძელდება კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, ”სადაც ან იქნება და ან არ იქნება მიღწეული საბოლოო შეთანხმება”.
მხარეებს შორის ძირითადი უთანხმოება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს უკავშირდება. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) მმართველ პარტიას 7, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს (ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლეიბორისტები, პარტია თავისუფლება, რესპუბლიკელები, კონსერვატორები) 6 წარმომადგენელი ეყოლებათ. ხოლო საუბნო კომისიის დონეზე მხოლოდ ახალი მემარჯვენეები და მრეწველები იქნებიან წარმოდგენილები მმართველი პარტიის წევრებთან ერთად.
”ჩვენ ვითხოვთ, რომ ცსკ პარიტეტულად დაკომპლექტდეს ანუ თანაბარი წარმომადგენლობა ჰყავდეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ, თუმცა დასძინა, რომ ”მოლაპარაკებები ძალიან მძიმედ მიმდინარეობს”.
ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველები მეტ-ნაკლებად იზიარებენ საარჩევნო ადმინისტრაციებზე ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ვარიანტს. თუმცა მათი წარმომადგენლები ისევე, როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები კონსულტაციების დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.
”ძალიან ბევრ საკითხზე არის პოზიციები, რომლებიც შეიძლება შეჯერდეს,”- განუცხადა Civil.ge-ს 14 ნოემბერს მმართველი პარტიიდან დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა და იქვე აღნიშნა: ”სამუშაო ჯგუფში შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე კომენტარები ნაკლებად გავაკეთოთ”.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება მსჯელობა.
This post is also available in: English