
ოპოზიცია თავისუფალი არჩევნებისთვის სამ პირობას აყენებს
ტელეკომპანიების ”იმედი” და ”კავკასია” მაუწყებლობის აღდგენა, სამივე დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება პარიტეტულ საფუძველზე და 7 ნოემბრის მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტა უნდა გახდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობა, ნათქვამია ცხრა ოპოზიციური პარტიის მიერ 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ ადამიანის ურლებების მასობრივი დარღვევა და თავისუფალი მედიის დევნა გამორიცხავს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების მინიმალურ შესაძლებლობას. ასეთი არჩევნები იქნება ფარსი და კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ მძაფრ პოლიტიკურ კრიზისს,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ამ პრობლემების გადაჭრა დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. ეროვნული საბჭო მზად არის განაგრძოს დიალოგი ხელისუფლებასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას ექნება მზაობა დაუყონებლივ გადაჭრას არსებული პრობლემები”.
მოლაპარაკებები ხუთი ოპოზიციური პარტიის და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის 15 ნოემბერს განახლდება. ეს შეხვედრა თავდაპირველად 14 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.