
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ზეწოლა
გაერთიანებული ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს მომიტინგეების დევნა, ზეწოლა მასმედიის საშუალებებზე და უზრუნველყოს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
”ბევრი ხალხია დაბარებული პოლიციაში, ბევრი დაჯარიმდა, ბევრი კვლავ იმყოფება პოლიციის დაწესებულებებში, გრძელდება ზეწოლა მასმედიის საშუალებებზე ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს იმაზე წარმოდგენა, თუ რა ელის ტელეკომპანია ”იმედს” საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შედგა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, პროგრესი საარჩევნო საკითხებზე მიღწეული არ არის.
”ჩვენ მივმართართ ხელისუფლებას დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები ჩვენს მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, ღირს თუ არა არჩევნებზე წასვლა,” – განაცხადა უსუფაშვილმა.