ახალი ამბები

პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს განიხილავენ

საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიული დაკომპლექტების წესზე ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს.


იმავდროულად, პრეზიდენტის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში შესულია საკონსტიტუციო შესწორებები, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 7%-იანი საარჩევნო ბარიერის 5-%-მდე შემცირებას და მაჟორიტარული სისტემის ე.წ რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.


საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 5 წევრს და კომისიის თავმჯდომარეს დანიშნავს ხელისუფლება და თითო-თითო წევრს ყველა ის პარტია, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.  ეს პარტიებია: ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლეიბორისტები, პარტია თავისუფლება,  რესპუბლიკელები, კონსერვატორები, რომელთაც გადალახეს 4%-იანი ბარიერი წინა საპარლამენტო და 3%-იანი ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე.


საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი უცვლელი რჩება და მის ხუთივე წევრს არაპარტიული ნიშნით კვლავ ცსკ დანიშნავს.


გარკვეული კორექტივები შევა საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესში. კერძოდ, საუბნო კომისიებში 4 წევრს საოლქო კომისიები დანიშნავენ  და ასევე 3-3 წარმომადგენელი ეყოლებათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს – ნაციონალურ მოძრაობას, მრეწველებსა და ახალ მემარჯვენეებს. 


ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, რომელიც ”მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპს ეფუძნება.


კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული სისტემა უქმდება და მის ნაცვლად შემოდის რეგიონალური პროპორციული სიები. ერთიანი პროპორციული სიების პარალელურად, პარტიები 19 საარჩევნო ოლქში რეგიონალურ სიებსაც წარადგენენ. პარტიული სიებისთვის მიცემული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება მათ შორის რეგიონისთვის დადგენილი მანდატები. რეგიონალური პროპორციული სიებით 50 დეპუტატი უნდა აირჩეს 150-წევრიან პარლამენტში.


საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე კონსულტაციები ამჟამადაც გრძელდება საკანონმდებლო ორგანოში და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული შესწორებები კიდევ მოხდეს 15 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე მის გატანამდე. დღეს ასევე იგეგმება განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. 

Back to top button