
მოსკოვი და სოხუმი უარყოფს აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალის კონცენტრაციას
მოსკოვმა და სოხუმმა უარყვეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზება ხდება და შეყვანილია 200-მდე სამხედრო პირი.
”ეს მორიგი სატყუარა და საინფორმაციო პროვოკაციაა,”- განუცხადა ”ინტერფაქსს” რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილემ ვალერი ევნევიჩმა.
”მსოფლიოში ყველა დაიღალა ქართული მხარის სისულეებით,” – განუცხადა ”ინტერფაქსს” აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, ”ხან მათ რუსეთის ხელი ელანდებათ მიტინგებზე თბილისში, ხან აღმოაჩენენ რუსულ ტექნიკასა და სამხედროებს აფხაზეთში”.
თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსული ძალების კონცენტრაციის თაობაზე ინფორმაცია ”უტყუარია” და საერთაშორისო საზოგადოებას ამის გადამოწმებას თხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის შიგნით არსებული ის რთული ვითარება, რომელიც ”მისი[მოსკოვის] გარკვეული სერიოზული ძალისხმევის შედეგად შეიქმნა საქართველოში”.
”ჩვენის მხრიდან არ იქნება არანაირი პროვოკაციული ნაბიჯები გადადგმული. საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც აქამდე მოწადინებულია, რომ კონფლიქტები გადაწყდეს მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით,”- განაცხადა ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
”მაგრამ, თუ ვინმე შეეცდება საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება გამოიყენოს საქართველოს დაქუცმაცებისათვის, აფხაზეთის აღიარებისათვის, ერთმნიშვნელოვნად მინდა გავცე მათ პასუხი: საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა იმ მოღალატეებისა, რომლებიც ალბათ ჰყავთ რუსებს თავის ჩამონათვალში, დადგება ერთიანი საქართველოს დასაცავად, ”- აღნიშნა მან, ”ქვეყანა არის იმ მდგომარეობაში, როდესაც თავისი საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა ნამდვილად შეუძლია და ზედმეტი ილუზიები ნურავის ამასთან დაკავშირებით ნუ ექნება”.
ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა რუსეთის გარკვეულ წრეებში პოპულარულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ტრაგედია არ უნდა იყოს.
”როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება დაიშალოს საქართველო, მაშინ მარტივი კითხვა ისმის: რატომ არ შეიძლება დაიშალოს ასეთ შემთხვევაში რუსეთი? და რა განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს აფხაზი ერი ჩეჩნების, დაღესტნელების, ჩრდილო ოსეთის მოსახლეობის ან ბევრი სხვა სუვერენული რესპუბლიკის მოსახლეობასთან შედარებით, რომლითაც არის დასახლებული რუსეთის ფედერაცია,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.