ახალი ამბები

მათიას იორში: საქართველოს რეპუტაცია შეილახა

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შელახა საქართველოს რეპუტაცია, როგორც ”ჩემპიონისა დემოკრატიულ რეფორმებში, რეგიონის მასშტაბით,” –  განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა მათიას იორშიმ 10 ნოემბერს, თბილისში ვიზიტის დროს.


უნგრელი პარლამენტარი მათიას იორში და მისი ალბანელი კოლეგა კასტრიო ისლამი საქართველოში 9 ნოემბერს ჩამოვიდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედია საშუალებების ფუნქციონირება შეზღუდა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ ორი ტელეკომპანია – ”იმედი” და ”კავკასია” დახურა.


ბოლოს ეორში საქართველოს სექტემბერში სტუმრობდა. ”გახსოვთ ალბათ, როგორი ენთუზიაზმით შევხვდით [მაშინ] საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს,” – განაცხადა მან.


”იმის საპირისპიროდ, რაც ჩვენ ვიხილეთ სექტემბრის შუა რიცხვებში, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა აღელვებულია იმ მოვლენების გამო, რომელთაც, ჩვენი აზრით, საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიულ რეფორმებში ჩემპიონის, რეპუტაცია შეულახა,” – განაცხადა იორშმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მე საქართველოში 1992 წლიდან ჩამოვდივარ და ყოველთვის, როცა ჩამოვდივარ, ვიწყებ იმის ლაპარაკს, თუ რა ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ ვარ. დღეს ამას ვერ ვიტყვი”.


”პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, კერძო სამაუწყებლო კომპანიების დახურვა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელია დემოკრატიულ სისტემაში,” – განაცხადა მან, ”ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველოს ინტერესებში შედის მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა, რაც შეიძლება სწრაფად”.


ევროპის საბჭოს თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას და ოპოზიციას დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და კომპრომისი მოძებნონ ყველა საკამათო საკითხზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button