
ოქრუაშვილს სასამართლო პროცესზე იბარებენ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური პარტია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 16 ნოემბერს დაინიშნა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას ინფორმაციით, შესაბამისი უწყება ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახს უკვე მიუვიდა.
ირაკლი ოქრუაშვილი 27 ოქტომბერს მისი მინისტრობის დროს ჩადენილ დანაშაულობებთან დაკავშირებით ოთხი ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა ის 10 მლნ ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ 9 ოქტომბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ფულის გამოძალვაში და სამსახურეობრივ გულგრილობაში წაყენებული ბრალი აღიარა და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა, უარყო.
პროკურატურა ოქრუაშვილს ასევე ედავება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ფულის გათეთრებაში მონაწილეობას, რასაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ აღიარებს.
ირაკლი ოქრუაშვილმა პროკურატურის ოფიციალური ნებართვით საქართველო 1 ნოემბერს დატოვა, თუმცა მისმა თანაპარტიელებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მას ხელისუფლებამ იძულებით გადაადგმევინა. ოქრუაშვილმა ბოლო ინტერვიუ გუშინ ბერლინში ”როიტერს” მისცა.
6 ნოემბერს გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თუ ოქრუაშვილი პირველივე მოთხოვნისთანავე საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგება, მასზე გამოცხადდება ძებნა.