
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის ძალაში დატოვებას გმობს
პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის 7 ნოემბრის დეკრეტს ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებაზე, დემონსტრაციებსა და გაფიცვებზე შეზღუდვები 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკა შარაშენიძემ 9 ნოემბერს საღამოს განაცხადა, რომ სიტუაცია სტაბილური გახდა და საგანგებო მდგომარეობა უფრო ადრე მოიხსნება, ვიდრე ამას დეკრეტი ითვალისწინებს.
პარლამენტის 9 ნოემბრის სხდომას პროტესტის ნიშნად არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია.
”მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით საქართველოს პარლამენტი მიიღებს მონაწილეობას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევაში და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში,”- ნათქვამია ახალი მემარჯვენეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია თბილისში და დანარჩენ საქართველოში დასტაბილურდა, გარკვეული საფრთხე კვლავ არსებოსბ,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ”ზოგიერთი შიდა ძალების გამოყენებით გარედან ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი საფრთხე ჯერ მთლიანად აღმოფხვრილი არ არის… ასევე არ გამოვრიცხავ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესაძლებლობას უფრო ადრე, ვიდრე ამას დეკრეტი ითვალისწინებს”.
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო ვითარების შემოღება განაპირობა ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობამ. მისი თქმით, ის მზად არის ”ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან” გამართოს მოლაპარაკებები.
”არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებთან მე და ჩემი კოლეგები დიალოგს არ გავმართავთ – ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მხილებულნი და ეჭვმიტანილნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მაგრამ მზად ვართ ყველა დანარჩენს ველაპარაკოთ,” – დასძინა მან.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დასდეს ბრალი და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
თანასწორობის ინსტიტუტის წევრი გიორგი ხაინდრავა, პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიიდან ასევე ამხილა ხელისუფლებამ რუსეთის დაზვერვასთან კავშირში. თუმცა, მათ წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.
დეპუტატმა გივი თარგამაძემ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ სურს, რომ ამ პოლიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღონ დიალოგში, რაც არ გამორიცხავს, მისი თქმით, ”მოლაპარაკებებს რესპუბლიკურ პარტიასთან”.
ოპოზიციის ლიდერებმა 9 ნოემბერს უარი თქვეს ხელისუფლებასთან დიალოგში მონაწილეობაზე, სანამ არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ორი ტელეკომპანიის მუშაობა არ აღდგება.
გივი თარგამაძე სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის დამტკიცებამდე გამოვიდა.
თავის გამოსვლაში თარგამაძემ საქართველოში ბოლო თვეების მანძილზე განვითარებული მოვლენების ხელისუფლების ვერსია წარმოადგინა და განაცხადა, რომ მთავრობამ ჩაშალა ხელისუფლების დამხობის კარგად-ორგანიზებული მცდელობა, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და რუსეთი უჭერდა მხარს. მისი თქმით, პატარკაციშვილმა გარკვეული ოპოზიციური ძალები გამოიყენა თავისი გეგმების განსახორციელებლად.
გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ეჭვმიტანილია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში.
თარგამაძემ ბევრი ისაუბრა ტელეკომპანია ”იმედის” შესახებ და განაცხადა, რომ ეს ტელეკომპანია შეთქმულების მხარდასაჭერად საინფორმაციო პროპაგანდას ახორციელებდა. ტელეკომპანიები ”იმედი” და ”კავკასია” ხელისუფლების ბრძანებით დაიხურა.
”ყველაფერი დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილის პროვოკაციული ტყუილებით, რომელიც მან ”იმედთან” ინტერვიუში გაახმოვანა. ეს გახდა ბოლოდროინდელი მოვლენების კატალიზატორი,” – განაცხადა თარგამაძემ. ”ტელეკომპანია ”იმედი” უმზადებდა ნიადაგს იმ აზრს, რომ 2 ნოემბერი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დამხობის დღე”.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებმა იმპულსი დაკარგა, ტელეკომპანია ”იმედმა” აიღო ინტერვიუ ოქრუაშვილთან. ”თუმცა, ამან ვერ იმუშავა და მომიტინგეების რაოდენობა მაინც შემცირდა”.
ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა 7 ნოემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა. ასევე დაიხურა რადიო ”იმედი” და ”იმედის” ვებ-გვერდი.