
”მემარჯვენეები” ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის დღევანდელ სხდომას
”ახალი მემარჯვენეები” პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ იმის გამო, რომ არ აპირებენ საგანგებო მდგომარეობის დაკანონებაში მონაწილეობას. პარტია მოითხვს დაუყოვნებლივ აღდგეს თავისუფალი ინფორმაციის გავრცელების უფლება.
პარლამენტი, რომელიც დღეს შეიკრიბება, როგორც ჩანს, დაამტკიცებს პრეზიდენტის დეკრეტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლითაც 7-22 ნოემბრის პერიოდში ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებაზე, დემონსტრაციებსა და გაფიცვებზე.
”ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტის ამ უკანონო გადაწყვეტილების მიმართ და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით საქართველოს პარლამენტი მიიღებს მონაწილეობას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევაში და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში,”- ნათქვამია ახალი მემარჯვენეების პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 9 ნოემბერს.