
ევროპის საბჭოს დელეგაცია ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
მატიას ეორში და კასტრიო ისლამი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები, რომელთა ორდღიანი ვიზიტი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო დღეს დაიწყო, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები თავდაპირველად შეხვედრებს გამართავენ ათი ოპოზიციური პარტიის კოალიციისა და ასევე ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ასევე მათი შეხვედრა ტელეიმედისა და ტელეარხ “კავკასიის” წარმომადგენლებთან, რომელთა მაუწყებლობაც 7 ნოემბერს, საქართველოში საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე შეწყდა.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ევროპელი დეპუტატები მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გეგმავენ შეხვედრას.