
საარჩევნო სეზონის დაწყებასთან ერთად კრიზისი ცხრება
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პირველი ნიშნები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
რესპუბლიკური პარტიის ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების ეროვნული საბჭოს სხდომა შედგა, პოლიტიკოსები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას.
”ჩვენ პრეზიდენტს უმტკივნეულო მოგვარებას ვთავაზობდით – საპარლამენტო არჩევნებს გაზაფხულზე,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”მაგრამ სააკაშვილის და მისი გარემოცვის სიჯიუტემ და ხელისუფლების აბსოლუტურად არაადეკვატურმა პასუხმა მშვიდობიან დემონსტრაციაზე ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იპოვა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა არსებული სიტუაციის და ეს გადაწყვეტა, მე ვფიქრობ, კარგია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც”.
”ეს არის ხალხის გამარჯვება, ეს არის ხალხის ერთობის გამარჯვება და ეს არის უზარმაზარი წარმატება,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ”მოძრაობა ერთიანი საქართველოდან”, ”ჩვენ ეს წარმატება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მოვიგოთ 5 იანვრის არჩევნები. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ სააკაშვილი ხელახლა იქნას არჩეული”.
”ეს იყო ქართველი ხალხის სერიოზული წარმატება, რომელმაც არ დაიხია უკან მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა ხელისუფლების მხრიდან,” – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან.
”პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ისტორიული მნიშვნელობის იყო,” – განაცხადა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, ” მიგვაჩნია, რომ ეს არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აძლევს ამ ქვეყანას, ჩემს თანამემამულეებს შანსს, რომ გამოვიდეს ამ კრიზისიდან ყველანი გამარჯვებული. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანა ამით მოგებული დარჩება”.
მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ”მნიშვნელოვანი როლი ითამაშა” ამ პროცესში. ”ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დღეს აჩვენეს საქართველოს, რომ ისინი არიან არა ერთი ხელისუფლების მეგობრები, ისინი არიან ნამდვილად საქართველოს მეგობრები და დემოკრატიის მეგობრები საქართველოში,” – დასძინა ზურაბიშვილმა.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხოლო ყველაზე სერიოზული დარტყმა თბილისისთვის ნატოს გენერალურ მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადება აღმოჩნდა, რომლის თქმითაც, საგანგებო მდგომარეობის შემოღება და მედია საშუალებების დახურვა ”განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს”.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, მან ასევე განაცხადა: ”ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და აღადგინოს მედია-საშუალებების ფუნქციონირება”.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუის არბორმა განაცხადა, რომ ”ის განსაკუთრებით შეაშფოთა გადაჭარბებული ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაციამ… მომიტინგეების ცემამ”.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოს ჰარაციმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ნება დართოს ორი ტელეკომპანიის ”იმედის” და ”კავკასიის” მუშაობის განახლებაზე.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნების დღემდე 45 დღით ადრე – 22 ნოემბერს – უნდა გადადგეს.
”ეს იყო დამარცხებული ტირანის საბოლოო ნაბიჯი, ერთადერთი გონიერი ნაბიჯი, რომელიც ბოლო პერიოდში გადადგა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა ”რესპუბლიკური პარტიიდან”, ”სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ იმ 22 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელში აყვანილი შეიყვანა ის პარლამენტში, იმავე 22 ნოემბერს მას მოუწევს ამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა. ჩემთვის პირადად, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის, მონაწილისთვის და მებრძოლისთვის ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა”.
2003 წლის 22 ნოემბერს ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილის ხელმღვანელობით პარლამენტში შეიჭრა, რასაც ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოყვა.
დავით უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად ამ ”აშკარა წარმატებისა”, კიდევ ბევრი საკითხი რჩება ხელისუფლებასთან გასარკვევი, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) დაკომპლექტების წესი.
”თუმცა, მთავარ პრიორიტეტს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა წარმოადგენს,” – დასძინა მან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ”რამდენიმე დღეში” გაუქმდება.
სავარაუდოდ, დაიწყება მოლაპარაკებები ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება ერთიანობის შენარჩუნება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში.
”მთავარი წინაპირობა ამ ადამიანისთვის [ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის] უნდა იყოს ის, რომ მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მან ხელი უნდა შეუწყოს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ქვეყანაში საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ 17 ოქტომბერს ერთობლივ მანიფესტს მოაწერა ხელი, რომელიც სხვა პრინციპებთან ერთად მხარს უჭერს ქვეყნის საკონსტიტუციოს წყობის საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნას.
მანიფესტს არ შეუერთდა ორი ოპოზიციური პარტია – ახალი მემარჯვენეები და მრეწველები.
ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ასევე მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა სურვილი არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით.
იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც ადრე განაცხადეს საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ, არიან ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და ”მომავლის პარტიის” ლიდერი გია მაისაშვილი. თუმცა, ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების შთამომავალია, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგანაც მას ქვეყანაში 15 წლის მანძილზე არ უცხოვრია. ის საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პირადად არასოდეს გამოუთქვამს საპრეზიდენტო ამბიციები, ადრე იგი ასევე დასახელდა პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად. თუმცა, ოქრუაშვილსაც არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ასაკობრივი ცენზის გამო. ოქრუაშვილი 35 წელს – საპრეზიდენტო კანდიდატისთვის აუცილებელ ასაკს – მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში მიაღწევს.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის კრიტერიუმებს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აკმაყოფილებს. თუმცა მმართველი პარტიიდან ზოგიერთმა დეპუტატმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ პატარკაციშვილის ბოლოდროინდელი საქმიანობა ”შეიძლება შეიცავდეს უკანონობის კრიმინალური ელემენტებს”. პატარკაციშვილი ცოტა ხნის დაპირდა ოპოზიციას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას დააფინანსებდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა, რომ პატარკაციშვილის უკან რუსეთის ინტერესები დგას, რას საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას ისახავს მიზნად.