
ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი განახლდება – ბურჯანაძე
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 9 ნოემბერს საქართველოს პატრიარქთან შეიკრიბებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და შემდეგ მხარეებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება პარლამენტში.
ნინო ბურჯანაძემ 8 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას შეგნებულად არ დააკონკრეტა, თუ რომელი ოპოზიციური ძალები მიიღებენ დიალოგში მონაწილეობას. თუმცა მათ შორის სავარაუდოდ იქნებიან ახალი მემარჯვენეები და მრეწველები.
”ხვალ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები წამოვიდნენ დიალოგზე,”- განაცხადა მან, ”მე იმედი, მაქვს, რომ გარკვეულწილად კონსენსუსი მიღწეული იქნება”.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრის მიზნით პლებისციტის დანიშვნის თაობაზე, განმუხტავს პოლიტიკურ დაპირისპირებას.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს სააკაშვილის არჩევას პრეზიდენტად,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ”ძალიან მალე” შეწყდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 7 ნოემბერს მომხდარი არეულობების გამო გამოცხადდა.
”დღეს არცერთი ექსცესი არ ყოფილა,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”შეიძლება ჩვენ არც კი გავაგრძელოთ ხვალ საგანგებო მდგომარეობა”.
მას მხედველობაში ჰქონდა 9 ნოემბერს დაგეგმილი პარლამენტის სხდომა, რომელმაც შესაძლოა აღარ დაამტკიცოს პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.