ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა – სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, 7 ნოემბერი

ჩემო დებო და ძმებო, დედებო და მამებო!


იცით, რომ მე არა როგორც მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პიროვნებას არა მაქვს უფრო მნიშვნელოვანი ხატება, უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობა, უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრების მიზანი, ვიდრე ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, თითოეული თქვენთაგანი.


მე მზად ვარ თითოეული თქვენგანისთვის, თვალდაუხამხამებლად, დღესვე გადავდო თავი, გავწირო სიცოცხლე, გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო იყოს ბედნიერი და თითოეული მისი მოქალაქე იყოს ბედნიერი.


როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და მოკვდება ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში – საქართველოში.


მე, რა თქმა უნდა, უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რომელიც დღეს განვითარდა და ვითარდება თბილისის ცენტრში.


რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა აქ დემონსტრაციები. ყველა ქვეყანაში არის დემონსტრაციის უფლება და საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ამგვარად საქართველოში ყველას აქვს  დემონსტრაციის უფლება, თავისი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, ყველას აქვს თავისი გულისტკივილის გამოთქმის უფლება და რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველაზე სწრაფად განვითარებად, ეკონომიკურად მზარდ ქვეყნებშიც კი ყველა ადამიანს აქვს გულისტკივილი, ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გრძნობა ამა თუ იმ პერიოდში მისი ცხოვრების, ყველა ადამიანს უნდა თავის გამოხატულება, თავისი აზრი, თავისი გულისტკივილი გაუზიაროს მთავრობას, გამოხატოს საჯაროდ, უთხრას დანარჩენ საზოგადოებას და მე, როგორც დემოკრატი, ამ ახალგაზრდა დემოკრატიის პრეზიდენტი და ლიდერი, ყოველთვის ვიცავდი და ყოველთვის დავიცავ ფუნდამენტურ უფლებას კანონის ფარგლებში დემოკრატიული არჩევანის გზის განხორციელებას, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლების განხორციელებას, მოქალაქეთა პოლიტიკური თვითრეალიზაციის აბსოლუტურ უზრუნველყოფას და აბსოლუტურად დაცვას ყველა იმ ასპექტის, რომელიც შეიძლება იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში.


დემონსტრაციებმა თბილისში ჩაირა, პირველ დღეებში განსაკუთრებით, ისევე მშვიდობიანად, ისევე წყნარად, როგორც ჩაივლიდა ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში მსოფლიოში.


და ეს არის მთავრობის დამსახურება კი არა, არამედ ათასობით ადამიანის დამსახურება, რომელიც პერიოდულად გამოხატავს ხოლმე თავის აზრს. ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისათვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს პროვოკაციის მოწყობა, ვერავინ ვერ შეძლოს სიტუაციის ცუდად შემობრუნება, ვერავინ ვერ შეძლოს ჩვენი ქვეყნის მართვის რაღაც პრობლემების შექმნა.


დემოკრატიაში სიტყვის თავისუფლება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონის ფარგლებში თავისუფლების განხორციელება, ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ მოვედით დემოკრატიული პროცესების გზით, ჩვენ თვითონ მოვედით ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით და მანამ, სანამ საქართველო იარსებებს, ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ, რომ ის იყოს დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული ტიპის ღია საზოგადოება და ღია ქვეყანა.


დღეს დილით მას შემდეგ, რაც რუსთაველი პრაქტიკულად იყო დაცარიელებული, იყო დარჩენილი რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც კეტავდნენ სავალ გზას – მთავარი პროსპექტი, რომელიც იყო გაჭედილი რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ჩვეულებრივ პირობებში, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ქვეყნებში ეს ასე არ მომხდარიყო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაქსიმალურად რბილად უნდა მოვექცეთ ამ ხალხს – დილას ქალაქის მერიამ და პოლიციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ პროსპექტის გაწმენდის, მოძრაობის აღდგენის.


ამავე დროს იყო მითითება ხელისუფლების მხრიდან, ვისაც ეს ეხება  – ეს არის პოლიცია და ქალაქის მერია – რომ თუ ვინმეს უნდოდა მშვიდობიანად შეკრება პარლამენტის წინ აღდგენილი მოძრაობის პირობებში, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანები სხვას არ შეუშლიდნენ ხელს იმაში, რომ სკოლებში წამოსულიყვნენ ბავშვები, ემოძრავათ ქალაქის ცენტრში, წამოსულიყვნენ და ჩვეულებრივი საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკავებულები.


სხვა მხრივ პარლამენტის წინ ყველას ჰქონდა შეკრების უფლება, ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და მკაცრი მითითება იყო, რომ არ შეეშალათ ხელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დარჩებოდნენ პარლამენტის წინ და ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ თავისი თუნდაც საპროტესტო აზრების გამოხატვა. ჩვენ ეს განგვიცდია მრავალი  წლის განმავლობაში და ჩვენ მზად ვიყავით, რომ როგორც ყოველთვის დემოკრატიული პროცესი აქაც გაგრძელებულიყო.


მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რომ ისევ დაიწყო შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და ეს ყველაფერი გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში ზოგიერთ მომიტინგეს, მათი ლიდერების მოწოდების შემდეგ და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის, რომელთაც ჰქონდათ მკაცრი დავალება, რომ უზრუნველეყოთ საზოგადოებრივი წესრიგი მშვიდობიანი, ცივილიზებული მეთოდების გამოყენებით, უზრუნველეყოთ ქალაქ თბილისის და მისი ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება,  უზრუნველეყოთ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება, უზრუნველეყოთ არა მხოლოდ მომიტინგეთა უფლებები, რაც ბუნებრივია ჩვენი მოქალაქეები არიან და უნდა უზრუნველყოთ მათი უფლებები, ასევე ყველა სხვა ადამიანების უფლებები ჩვენ საზოგადოებაში.


ჩვენ ხომ გვახსოვს 1991 წელი, ჩვენ ხომ გვახსოვს დაწყებული კარვებიდან და დამთავრებული სხვადასხვა ექსცესებით, შეტაკებებით, კონტრმიტინგებით, არეულობა და შემდეგ ყველაფერი ეს გადაზრდილი სახელმწიფო გადატრიალებაში, სისხლისღვრაში და ტერიტორიების კონტროლის დაკარგვაში.


ჩვენი მოწოდება არის, რომ არასოდეს საქართველოში ეს უბედურება აღარ განმეორდეს.


ჩვენ არა ვართ დაწყევლილი ერი, ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი ერი, ჩვენ დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, რომ ცივილიზებულად შეგვიძლია ჩვენი პროცესების და ჩვენი საკითხების გადაწყვეტა.


ამიტომ ჩვენი მოწოდება იყო, რომ არასოდეს 1991 წელი, არასოდეს სამოქალაქო ომის არეულობა საქართველოში ვერავინ ვერასდროს ვეღარ გაიმეოროს, მიუხედავად სხვადასხვა მოწოდებებისა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი ვინც დღეს მაგალითად არეულობაში მონაწილეობს, ლიდერებს ვგულისხმობ, სწორედ იმ დროიდან მოდიან და სწორედ მაშინდელი მოვლენების აქტიური მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა დაპირისპირებული მხარის შემადგენლობაში.


ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო ეს ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო კანონის ფარგლებში და კანონი დაცულიყო მაქსიმალური ცივილიზებული გზით.


საქართველოს პოლიციამ და სპეციალურმა შენაერთებმა, რომლებიც თბილისის ცენტრში მოქმედებდნენ, მე მინდა ხაზი გავუსვა ამას, გამოიყენა ყველა ის საშუალება, რომელსაც იყენებს საპოლიციო ძალა ინგლისში, საფრანგეთში, ფინეთში, შვეიცარიაში, ესტონეთში – ყველა იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ერთის მხრივ პოლიციის საზრუნავია, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიაყენოს  თუნდაც ყველაზე აგრესიულ მიტინგის მონაწილეს ან მითუმეტეს რადიკალურად განწყობილ ნაწილს და მეორეს მხრივ, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაუშვას მასობრივი არეულობები და არ დაუშვას მასობრივი შეტაკებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის.


ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება და არცერთი გრამით მეტი სხვა რამ. მოვიქეცით ზუსტად ისე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიციას შეიძლება არ აქვს დიდი გამოცდილება, ზუსტად ისე როგორც მოიქცეოდა პოლიცია ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში თუ სხვა დემოკრატიულ სამყაროს შემადგენელ ნაწილებში.


ამიტომ თავისთავად ამაში უჩვეულო არაფერი არ არის, მაგრამ არც სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არ არის.


ჩემთვის მართლა დიდი გულისტკივილის წყარო არის თითოეულ ადამიანზე მოხვედრილი თუნდაც პოლიციის რეზინის კომბალი. ჩემთვის დიდი გულისტკივილის წყაროა იქ სირბილის დროს ხალხის მასაში მოყოლილი ადამიანი და რა თქმა უნდა, იქ ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო ძალიან ბევრ ადგილზე და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უსიამოვნო საყურებელი.


მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არ არის არაფერი სარგებლის მომტანი, ზიანის მომტანია იმიტომ, რომ ეს გადის მთელ მსოფლიოში.


რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ახლა ძალიან ხალისობენ იმიტომ, რომ ყველაფერი რასაც ახლა გადასცემენ მსოფლიოს ტელეარხები, ზუსტად მათ წისქვილზე ასხამს წყალს.


ეს არის ზუსტად ის, რასაც ისინი ამბობდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რომ საქართველო, მიუხედავად თავის წარმატებებისა, მიუხედავად თავისი მშვიდობიანი განვითარებისა, მიუხედავად თავის გაძლიერებისა არის ძალიან სუსტი ქვეყანა, მათი თვალსაზრისით, სადაც აუცილებლად მოხდება ექსცესები და არეულობები.


მაგრამ მე მინდა ვთქვა ამავე დროს, რომ იმ პირობებში, როცა ჩემთვის თითოეული თქვენთაგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პირობებში როცა არც ჩემი ეს თანამდებობა, ეს ჩემი კაბინეტი, არც რაიმე პრივილეგიები, რომელსაც ეს იძლევა, არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ ყველანი მაინც უნდა გავიმსჭვალოთ  უზარმაზარი პასუხისმგებლობით იმ მისიის წინაშე, რომელიც ყველამ თქვენ ერთად ჩამაბარეთ.


და მე მინდა ვილაპარაკოთ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს, რაც ახლა საქართველოში და თბილისში ვითარდება.  


ჩვენ გვესმოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ შემოდგომისთვის საქართველოში დაიწყებოდა მასობრივი არეულობები. ჩვენ ამას ვიღებდით ყველა სადაზვერვო წყაროდან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იმ ინფორმაციებიდან, რომელიც შემოდიოდა ერთ-ერთი უცხოური დედაქალაქიდან, სადაც ასევე ჩვენ გვყავს მეგობრები და გვაწვდიან ამ ინფორმაციებს.


მე მესმოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში შედგა ალტერნატიული მთავრობა, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში სააკაშვილი და მისი მთავრობა დაემხობა – ეს მესმის 6-7 თვის განმავლობაში და მე უფლება არ მქონდა ამას სერიოზულად არ მოვკიდებოდი, მაგრამ მე ვიყავი მშვიდად იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ვერ მოახერხებდნენ რაიმე სერიოზული პრობლემების შექმნას თუნდაც გამომდინარე იმისგან, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომზადებული იყო და მოწოდებული იყო რომ ასეთი რამე არ დაეშვა.


სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მე მართლაც ვცდებოდი.

თქვენ დღეს ნახეთ საქართველოს ტელევიზიით გაშვებული კადრები, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე, გარკვეული კადრების აკრეფა მოხდა ზუსტად ამ მოვლენების წინ. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ, ძალიან გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური  და მათი წარმომადგენლები საქართველოში, მაგრამ მთელი რიგი კადრები ჩვენ გვქონდა კიდევ უფრო ადრე გადაღებული. ჩვენ ვახორციელებთ, ჩვენი სამსახურები ახორციელებდნენ მათი საქმიანობის დეტალურ მონიტორინგს მთელი ამ თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ სამწუხაროდ ისინი ცდილობდნენ პოლიტიკური პარტიების ერთ რადიკალურ ნაწილში თავის დასაყრდენის პოვნას, მოდიოდა ფული, მოდიოდა სპეციალური საშუალებები, მოდიოდა ინსტრუქციები და ჩვენ ალბათ ყველაფერი კიდევ არ ვიცით, რასაც ისინი აკეთებდნენ. თუმცა დიდი ნაწილი ჩვენი სპეცსამსახურებისთვის არის ცნობილი.


მინდა გითხრათ, რომ გარდა იმ ფირებისა, რომელიც დღეს გამოვიდა, უახლოეს პერიოდში ჩემი დავალებით ყველა სხვა მასალებს, რომელიც გააჩნიათ ჩვენს სპეცსამსახურებს, ჩვენ მასობრივად გამოუშვებთ, მთელს მსოფლიოს დავანახებთ.

მინდა ყველამ ნახოს, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც ესწრაფის თავისი ტერიტორიის მშვიდობიანად გაერთიანებას, რომელიც ესწრაფის ეკონომიკის განვითარებას და ჩვენ წელს ვვითარდებით, 14%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს საქართველოში, რომელშიც მოდის მილიარდობით დოლარის ინვესტიციები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს განვითარება, საქართველოს წარმატება, საქართველოს შემდგომი ზრდა გაგრძელდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ძალები მთლიანად იყვნენ მოწოდებული, რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ.


გუშინ საღამოს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში არეულობის პოტენციურ მონაწილეებს და ასევე აღუთქვა მათ მხარდაჭერა, მან ისინი ხალხად მოიხსენია, თუმცა სრულიად კონკრეტულ ადამიანებზე იყო ლაპარაკი.


იქვე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა მირონოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიწყება მასობრივი არეულობები.


ეს უკვე დაზვერვის მონაცემები არ არის, ეს გავიდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ტელეარხზე.


აი, ასეთი ზემოქმედების ქვეშ არის საქართველო!


საქართველო, რომელსაც მოუწყვეს უამრავი პროვოკაცია; საქართველო, რომელიც მარტო ამ წლის განმავლობაში სამხედრო ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაბომბეს ზემო აფხაზეთში, საქართველოს შუაგულში ყოველგვარი პროვოცირების გარეშე; საქართველო, რომლის ჩვენს მიერ უკონტროლო ტერიტორიები რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტის მიერ მუდმივად ხდება მასობრივი პროვოკაციების ორგანიზება, რისი მომსწეც რამდენიმე დღის წინათ გავხდით.


ახლა ეს საქართველო დადგა ძალიან სერიოზული არეულობის საფრთხის წინაშე უკვე საქართველოს დედაქალაქში, სამწუხაროდ, ახლაც, ამის დოკუმენტური მასალები ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველას დასანახად გავავრცელეთ, ამაში აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის რეზიდენტურის წარმომადგენლები, რუსეთის საგარეო დაზვერვისა და უშიშროების სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლები.


ჩვენ ვიცით მათი გვარები, გვაქვს მათი ფოტოები, სურათები,


მათი ნაწილი იმყოფება საქართველოში, ნაწილი ამ პროცესებს მართავს მოსკოვიდან და ამის დამადასტურებელი საბუთები ჩვენ დღეს საქართველოს ტელეარხებით გამოვაქვეყნეთ.


უფრო მეტიც, დღეს ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა, რომელიც ამჟამად საქართველოშია მოვლენილი, პირდაპირ მოუწოდა საქართველოს საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისაკენ, პირდაპირ მოუწოდა მასობრივი ანტიკონსტიტუციური ქმედებისაკენ, რაც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის დასაშვები, მისაღები, ეს სრულიად გაუგებარი და მიუღებელი მოვლენაა ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლებისთვის.


ასეთ პირობებში, როდესაც დღეს მასობრივად დაიწყო არეულობები ქალაქის ცენტრში, როდესაც მოხდა შეტაკებები, როდესაც მოხდა თავდასხმები, მათ შორის პოლიციელებშზე – რამდენიმე ათეული პოლიციელი ნაცემია, ძალიან ბევრი პოლიციის მანქანა დაზიანებულია და განადგურებულია, მათ შორის სრულიად უდანაშაულო მოქალაქეები აღმოჩნდნენ ორმხრივი შეტაკების შუაგულში, დაზარალდნენ და ადაზიანდნენ, მას შემდეგ, რაც არის რეალური საფრთხე პროვოკაციების, მათ შორის ღმერთმა გვაცილოს, შეიარაღებული პროვოკაციებისა.


რა თქმა უნდა ის ხალხი, რომლებიც ყველაფერს ამას ხელს უწყობდა თავიდან ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამ საქმის დიდი სპეციალისტია.


ამ პირობებში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა და მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ ყველა ზომას, რომ საქართველოში დამყარდეს დემოკრატული წესრიგი, აღდგეს წესრიგი თბილისის ყველა ქუჩაში, ყველაფერი დაბრუნდეს დემოკრატიული დიალოგისა და კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში.


ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები, ჩვენ გვყავს ძლიერი პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო აბსოლუტურად გადამწყვეტი. დღეს, გუშინ, გუშინწინ არაერთხელ მოუწოდა ყველას სიმშვიდისკენ. პარლამენტში ძალიან საინტერესო დებატები გაიმართა გუშინ და პარლამენტის წევრებმა ყველას მოუწოდეს დიალოგისაკენ და კონსოლიდაციისაკენ.


ჩვენ გვყავს კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ამ პრობლემასთან გამკლავება.


მთლიანად ვუერთდები მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებას დიალოგისკენ, სიმშვიდისკენ და მის მოწოდებას არ მივცეთ საშუალება ნებისმიერ დამანგრეველ უცხო ძალებს – გამოიყენონ ყველაფერი რაც ხდება თავის სასარგებლოდ.


ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, ჩართულია სიცრუის დიდი მანქანა, ჩართულია პროვოკაციის ყველა რესურსი, ჩართულია უზარმაზარი, ბევრი ფულის მქონე და ამ საკითხებში მეზობლების არევისა და ამ არეულობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ძალზე დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოს მანქანა, მთელი აპარატი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად.


ჩვენთან არის ბევრი სოციალური პრობლემა, ჩვენთან არის ბევრი გამწარებული ადამიანი და მე ყველა ამ ადამიანის მდგომარეობაში შევდივარ მთელი სულითა და გულით.


მე მართლა მთელი გულით მსურს ყველა ამ ადამიანის პრობლემის მოგვარება და მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ თუ ჩვენ ამათ ახლა მივეცით საშუალება საქართველოს დესტაბილიზაცია მოახდინონ, შანსი აღარ ექნება არავის.


შანსი აღარ ექნება არც ერთ ამ ადამიანს, შანსი აღარ ექნება არც უფროსი ასაკის ადამიანებს, შანსი არ ექნებათ არც ახალგაზრდებს.


შანსი არ ექნება ჩვენს მომავალს, ჩვენ საბოლოოდ ჩაგვიკეტავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს.


სწორედ ახლა, როდესაც ძალიან რთული გეოპოლიტიკური დილემის წინაშე ვდგავართ – როდესაც საკითხები დგას კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, აფხაზეთის ანექსიის ღია მუქარები მიდის აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობის შესახებ, როდესაც უკვე პრაქტიკულად განხორციელდა სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსია, პრაქტიკულად ის იმართება რუსეთისა და ამ ქვეყნიდან ჩამოსული რამდენიმე გენერლის მიერ. ამ პირობებში საქართველოში მასობრივი არეულობების, მასობრივი შეტაკებების, ძალადობის დაშვება ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ყველანი აღმოვჩნდებით აბსოლუტურად უზარმაზარი, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. თითოეული ჩვენგანი მისი არსებობისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.


მინდა ყველა დავფიქრდეთ ამაზე.


მე დღეს მოვუწოდე ქუჩაში გამოსულ ყველა ადამიანს, მათ შორის ძალიან ბევრი ამ მთავრობის მომხრე იყო, სახლში წასულიყვნენ, იგივე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.


ახლა მიტინგებისა და კონტრმიტინგების დრო არ არის – ეს ჩვენმა ქვეყანამ უკვე გაიარა, ახლა მანიფესტაციებისა და კონტრმანიფესტაციების დრო არ არის, ახლა გაყოფილი პროსპექტების დრო არ არის, რისი მცდელობაც დღეს იყო – ბარიკადების აგებისა და გამყოფი ხაზების გავლების.


არანაირ გამყოფ ხაზებს ჩვენ არ დავუშვებთ.


არანაირ არეულობებს და შეტაკებებს ჩვენ არ დავუშვებთ.


სამწუხაროდ, იყო ძალადობის ფაქტები, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.


ასევე ღია განხორციელებას, პირდაპირი ძირგამომთხრელი საქმიანობის უცხო ქვეყნების, კერძოდ, ერთი უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების მიერ, ჩვენ არ დავუშვებთ და აღვკვეთავთ.


დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რუსეთის საელჩოში თანამშრომელი, რომლებიც დაკავებული არიან პირდაპირ, ძირგამომთხრელი ჯაშუშური საქმიანობით, გამოაცხადა არასასურველ პერსონებად და უახლოეს დღეებში მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიოტორია.


ჩვენ გამოვიწვიეთ რუსეთის ელჩი კონსულტაციებისათვის.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კეთდება არა მხოლოდ თეატრალური ჟესტებისათვის, არამედ ჩვენ გვაქვს უტყუარი მასალა, რომელიც ახლა ქვეყნდება და სხვა დროსაც გამოქვეყნდება.


ძალიან დიდი როლი, ისევე როგორ ესტონეთის ამასწინდელი მოვლენების დროს, როდესაც პრაქტიკულად სცადეს ესტონეთის მთავრობის დამხობა, სწორედ ამ ხალხმა დაგეგმა, იქ დაფინანსდა და თავისი მეგობარი ოლიგარქების მეშვეობით მოხდა ამის განხორციელება. თუ ჩვენ არ მივიღეთ სერიოზული ზომები, ამ ყველაფერმა შესაძლოა უფრო ღრმა და ბევრად უფრო საშიში ხასიათი მიიღოს.


ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო არის ყველა ქართველისათვის და თოთოეული თქვენგანისათვის.


ჩვენ ვერ ვაქცევთ ჩვენს ქვეყანას, არა პოლიტიკური, არამედ არაკეთილსინდისიერი, ძალიან ბინძური ინტერესების მძევლად.


ჩვენ ვერ ვაქცევთ მას გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად.


ჩვენი დემოკრატია საჭიროებს დემოკრატიული მეთოდების დაცვას, ჩვენი დემოკრატია საჭიროებს დემოკრატიული, მაგრამ ძლიერი ხელისუფლების მოქმედებას, რათა საქართველო ვერავინ, ვერასოდეს დააბრუნოს წყვიდიაში, არეულობაში, რაიმე სახის სხვა გართულებებსა და სამოქალაქო ომების სიტუაციაში, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და რაც ათი თხუთმეტი წლის წინათ ხდებოდა.


ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება და ყოველივე ამაში თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.


მე მინდა თქვენი მხარდაჭერა.


მე მაქვს დიდი რწმენა თქვენი სიდინჯის, თქვენი ნაციონალური აზროვნების, თქვენი ძლიერების, სიბძნის და თქვენი სამშოლოს სიყვარულის, იმიტომ რომ, ჩვენ საქართველოს მრავალეთნიკური ხალხის ყველა ეროვნულის ხალხის წარმომადგენლებს განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.


ყველა რეგიონის წარმომადგენლიდან დაწყებული – აფხაზეთიდან, რაჭა- ლეჩხუმიდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიან, აჭარიდან გურიიდან, კახეთიდან, ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი საქართველო, ჩვენი ერთიანი ერთობა.


მიუხედავად იმისა, რომელი ეთნიკური ჯგუფისა და რომელი პოლიტიკური შეხედულების ხართ, ყველას მოვუწოდებთ დიალოგისაკენ.


დიალოგის გზა ჩვენ არასოდეს არ შეგვიწყვეტია და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ვერავინ ვერანაირი არეულობით ვერ შეცვლის საქართველოს ხელისუფლებას.


საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონსტიტუციური პროცესები იყოს დაცული, დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს გამჭირვალედ და ვერანაირი არეულობის ინსპირირებით ვერ მოხდეს პოლიტიკური პროცესის ჩამოყვანა ნორმალური, დემოკრატიული კონსტიტუციური რელსებიდან.


ამიტომ ყველას მოუწოდებთ დიალოგისაკენ.


მოვუწოდებ ოპოზიციის იმ ნაწილს და ასეთი აბსოლუტური უმეტესობაა, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან კადრებში თუ როგორ იღებს ინსტრუქციებს სხვა ქვეყნის, სამწუხაროდ, არცთუ ისე მეგობრულად განწყობილი წარმომადგენლისაგან; უმეტეს ნაწილს, რომლის პატრიოტიზმში დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება მათ კეთილსინდისიერებაში, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მონახავენ საერთო ენას, საქართველოს საკეთილდღეოდ.


მინდა მივმართო არ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ რაც მთავარია, ქართველ საზოგადოებას – ნუ მივცემთ საშუალებას თავზეხელაღებულ, ყველაზე უფრო რადიკალურ, მათ შორის, პოლიტიკური ელფერის მქონე წარმომადგენელს, რომ საქართველო წაიყვანოს შეუქცევადი პროცესებისაკენ.


მინდა გთხოვოთ, ყველანი ვიყოთ კონსოლიდირებული, მაგრამ მშვიდები.


მე გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ წესრიგის შენარჩუნებას, მაგრამ გრძელვადიანად.


მინდა ყველას მოგმართოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა, რომ საქართველო გაერთიანდება.


ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა იმისა, რომ საქართველო იქნება კიდევ უფრო ძლიერი.


ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა იმისა, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას, მე-11 არმია ვერასოდეს ვერ დაგვამარცხებს, რომელი ფორმითაც არ უნდა იყოს შემოსული.


ვერასოდეს ვერცერთი უცხო ძალა უკან ვეღარ დაგვაბრუნებს.


ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა იმისა, რომ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთობლივი, ძალიან ნათელი მომავალი.


ეს რწმენა გაგვამარჯვებინებს.


ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს – საქართველოს მფარველი!


   


 


 


 


 


 


 


 


 


 



 

Back to top button