ახალი ამბები

ხელისუფლებამ პატარკაციშვილს მთაწმინდის პარკი ჩამოართვა

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს თბილისის მთავრობამ მთაწმინდის პარკი ჩამოართვა იმის გამო, რომ პარკის რეაბილიტაციის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება დაირღვა, განაცხადა დღეს თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ახვლედიანმა.


მისი თქმით, შპს ”ლინქსს”, რომელიც ახორციელებდა პარკის რეაბილიტაციას, 2005 წლიდან საიჯარო ქირა არ გადაუხდია და არ შესრულებულა ხელშეკრულების სხვა პირობები, ”ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად”.


იმავდროულად, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ”ის მინიმალური თანხები”, რომელიც ამ დრომდე დაიხარჯა მთაწმინდის პარკის ასაშენებლად, იქნება ანაზღაურებული.


მთაწმინდის პარკში სამშენებლო სამუშაოების და ატრაქციონების უდიდესი ნაწილი უკვე დამთავრებულია, თუმცა ნაწილის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. სექტემბერში პარკი გახსნილი იყო მოქალაქეებისთვის და მათ უფასოდ შეეძლოთ ატრაქციონებით სარგებლობა. 


”პატარა კაცების უმოქმედობის გამო მთაწმინდის პარკს ”არ აშენდას” ვერ დავარქმევთ,”- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ბეგაშვილმა, ”ყველა პროექტი, რომელიც პატარკაციშვილს უნდა განეხორციელებინა საქართველოში, ჩავარდნილია”. 

Back to top button