
შსს გოგა ხაინდრავას დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა გოგა ხაინდრავას, ”თანასწორობის ინსტიტუტის” და გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრის დაკავების ფაქტი.
”გოგა ხაინდრავა გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც მან ანალიზების ჩატარებაზე უარი განაცხადა, რის შემდგომაც ექიმის მიერ დადგენილი იქნა კლინიკური დიაგნოზი, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. რის საფუძველზეც გოგა ხაინდრავა სასამართლოს მიერ დაჯარიმდება ადმინისტრაციული სასჯელით, ”- ნათქვამია განცხადებაში.
შსს ასევე აცხადებს, რომ დილის 8 საათზე საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღადგინა რუსთაველის გამზირზე ავტომობილების სავალი ნაწილის ნორმალური ფუნქციონირება.
”მომიტინგეთა რაოდენობის მკვეთრად შემცირების გამო, აღარ არსებობდა ქალაქ თბილისის ცენტრალური გამზირის გადაკეტვის საჭიროება,”- აცხადებს შსს, ”სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია საპროტესტო აქციის მოწყობა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წინ, მოქალქეთა სავალ ნაწილზე”.
ამჟამად გრძელდება ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ, სადაც ასევე მრავლად იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები.