
ნოღაიდელი: გადაწყვეტილებას შანტაჟის ქვეშ არ მივიღებთ
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას და არჩევნების თარიღის შეცვლას, ”შანტაჟის” მიუხედავად.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ზურაბ ნოღაიდელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააკეთა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. იგი საქართველოში დღეს დაბრუნდება.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა მოსახლეობის მანდატი შეიძლება მხოლოდ არჩევნების გზით მოიპოვონ, რომელიც ”მომავალი წლის ბოლოს ჩატარდება”.
ოპოზიცია საპროტესტო აქციების გზით ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდეს, ნაცვლად შემოდგომისა.
”ასეთი მექანიზმებით საქართველოში ვერაფერი ვერ გადაწყდება და არც გადაწყდება,”- განაცხადა ნოღაიდელმა, ”მოსახლეობის მანდატი შეიძლება მიიღოს ადამიანმა და პოლიტიკოსმა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებში… მანამდე ყველას ექნება თავისი აზრის გამოთქმის საშუალება”.
”ჩვენ გადაწყვეტილებას არც შანტაჟის ქვეშ არ მივიღებთ,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.