ახალი ამბები

მმართველი პარტია ოპოზიციასთან დაპირისპირების ფონზე პატარკაციშვილს უტევს

მმართველმა პარტიამ ახალი მუხტით განაახლა ოპოზიციასთან დაპირისპირება, დაუკავშირა რა საპროტესტო კამპანია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ”შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ”.


ეს მიმართულება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის უეცარმა გამოჩენამ წაახალისა, რომლის ინტერვიუც ტელეკომპანია ”იმედთან” 5 ნოემბერს პირდაპირი ეთერით გადაიცა.  


6 ნოემბერს, დილით, ოქრუაშვილის რამდენიმე განცხადების კვალდაკვალ გენერალურმა პროკურატურამ ახალი ”მტკიცებულება” გაახმოვანა, რომელიც, პროკურატურის თქმით, ადასტურებს ოქრუაშვილის კავშირს პატარკაციშვილთან და ამ უკანასკნელის მცდელობებს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს.   


იმავდროულად, ოპოზიციის კამპანიის წინააღმდეგ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან 6 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე მასირებული შეტევა მიიტანეს.


”ოქრუაშვილი ბოლო ტყვიაა პატარკაციშვილის იარაღის მჭიდში, მაგრამ ის უვარგისი ტყვია გამოდგა,” – განაცხადა დეპუტატმა რატი სამყურაშვილმა მმართველი პარტიიდან. 


”ოქრუაშვილი ინსტრუმენტია პატარკაციშვილის ხელში,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.


 ”ახლა ნათელია, რომ ამ ყველაფრის ხელმძღვანელი არის ბადრი პატარკაციშვილი – მე ვგულისხმობ ოპოზიციის ლიდერებს, ოქრუაშვილს და ტელეკომპანია ”იმედს”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, ”პატარკაციშვილი ცდილობს თავისი ჩვეული სქემის განხორციელებას საქართველოში, იმის რაც მან გააკეთა რუსეთში. ყველას კარგად ახსოვს ტელეკომპანია ORT დაუფლების მძიმე პროცესი, რის შემდეგაც პატარკაციშვილმა და მისმა ამფსონებმა მოახერხეს გავლენის მოხდენა რუსეთის შიდა პოლიტიკაზე, რის შედეგადაც ელცინის სუსტმა ხელისუფლებამ ძალაუფლების ნაწილი მას გადააბარა”.


შემდეგ მან იერიში ტელეკომპანია ”იმედზე” მიიტანა და განაცხადა, რომ ეს ”პატარკაციშვილის სიცრუის ფაბრიკაა”. მან კონკრეტული ჟურნალისტებიც ამოიღო სამიზნეში, განაცხადა რა, რომ პატარკაციშვილმა ”ეს ფაბრიკა გამოცდილი კადრებით დააკომპლექტა”.


”ეს ადამიანები თავის დროზე მართავდნენ ასლან აბაშიძის სიცრუის ფაბრიკას. ეს არის ბატონი გიორგი თარგამაძე,” – განაცხადა მან. გიორგი თარგამაძე ასლან აბაშიძეს საქართველოდან მისი გაქცევიდან დიდი ხნით ადრე ჩამოშორდა.


მმართველი პარტიის წარმომადგენლები ასევე განაგრძობენ ხაზის გავლებას, ერთი მხრივ, ოპოზიციის ლიდერებს და მეორე მხრივ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაში მონაწილე ჩვეულებრივ ხალხს შორის.


გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილი და მისი მხარდამჭერები იყენებენ   იმ ხალხს, რომლებიც სოციალური პრობლემების შესახებ ”გულწრფელ პროტესტს” გამოხატავენ. მან ასევე განაცხადა, რომ სულ უფრო მეტ ხალხს ესმის ეს და ამიტომ საპროტესტო აქციების ტალღა სულ უფრო კლებულობს. ”გაიხედეთ ფანჯრიდან და დაინახავთ, რომ აქცია დღითიდღე სულ უფრო მეტ ხალხს კარგავს,” – განაცხადა თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.


6 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის ის სოციალური პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.


” პარლამენტის წინ მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც სრულიად განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ, რომელთაც ბევრი რამ აწუხებთ და რომელთაც აქვთ საფუძველი იმისა, რომ მოთხოვონ ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს… ჩვენ არცერთი წუთით თვალს არ ვხუჭავთ ამ ადამიანების პრობლემებზე და არ ვაპირებთ მათი პრობლემების იგნორირებას… ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერს გააკეთებს მათ მოსაგვარებლად. ამ რეაგირებას ეს ადამიანები აუცილებლად დაინახავენ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


იმავდროულად, ოპოზიციის ლიდერებმა 6 ნოემბერს, საღამოს განაცხადეს, რომ ისინი პარლამენტის გარეთ ”კარვების ქალაქის” მოწყობას გეგმავენ.


”დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი წინააღმდეგობა გაგრძელდება. ჩვენ გავხსნით კარვების ქალაქს და დავრჩებით აქ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება,” – მიმართა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებს.


”ისინი [ხელისუფლება] ამბობენ, რომ საპორტესტო აქცია მცირდება. სწორედ ეს არის, რაც მათ უნდათ რომ მოხდეს, მაგრამ ეს არ არის სწორი… ჩვენ აქ კარვებს დავდგამთ და ბოლომდე ვიდგებით,” – განაცხადა კონსერვატორული პარტიის ლიდერმა,  დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.


იმავდროულად, დღეს სულ ცოტა ათი აქტივისტი შეუერთდა ოპოზიციის იმ ოთხ ლიდერს, რომელთაც 5 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადეს.


ასევე გრძელდება ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ინტელიგენციის, მომღერლების და მსახიობების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ყოველ საღამოს, ოთხივე ძირითადი ქართული არხის პოლიტიკურ თოქ-შოუებში, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობენ ”პოპულარული სახეები”, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ.    

Back to top button