
ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს
ათასობით ადამიანი შეიკრიბა 2 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც თავისი მასშტაბით უმსხვილესია ბოლო წლების მანძილზე.
თავის მიმართვაში ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი მანამდე განაგრძობენ საპროტესტო აქციებს, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი მათ ოთხ მოთხოვნას არ შეასრულებს.
”დღის ბოლომდე დაველოდებით ხელისუფლების რეაქციას და არ დავიშლებით მანამ, ვიდრე ხელისუფლება ჩვენ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს – არცერთი ნაბიჯი უკან,” – განაცხადა ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა გია თორთლაძემ.
”ეს დღე ჩვენი გამარჯვების დღეა… აქ მოსული პოლიტიკოსებიდან არავის არ გვინდა პრეზიდენტობა, პრემიერ-მინისტრობა, დეპუტატობა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს კარგად. გამარჯვება ძალიან ახლოს არის,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
”ჩვენ შევიკრიბეთ ისეთი სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი, უმთავრესი იქნება ადამიანი. ეს ჩვენი გამარჯვების დასაწყისია. ხალხი მზად არის მოქმედებისთვის. მაშ ვიმოქმედოთ, მაშ დავდგეთ ერთად,”- განაცხადა პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის გამოსვლა სხვა ოპოზიციური ლიდერების გამოსვლებთან შედარებით უფრო რადიკალური იყო.
”ოთხწლიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,”- განაცხადა ძიძიგურმა, ”განაჩენი უკვე გამოტანილია, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე, ისე როგორც ადრე გაგვისტუმრებია”.
”მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის და პასუხისმგებლობისთვის,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ”გქონდეთ გამძლეობა, რადგან მე არ ვიცი რამდენ ხანს მოგვიწევს აქ ყოფნა, მაგრამ აქ უნდა ვიყოთ მანამ, სანამ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე, არ აღდგება დიალოგი და სანამ ქართველი ხალხის მოთხოვნა შეწყდეს ბოროტება, შეწყდეს ხალხის სიძულვილი, შეწყდეს დაცინვა, შეწყდეს ღირსების შეურაცხყოფა – ყველაფერი ამისთვის ბოდიშს არ მოიხდის ხელისუფლება და არ დანიშნავს არჩევნებს, სადაც ქართველი ხალხი იტყვის საკუთარ სიტყვას და გააკეთებს საკუთარ არჩევანს”.
”ეს ბოროტი და უბადრუკი მთავრობა შეეცადა ჩვენს დამონებას, მაგრამ ვერ შეძლო,” განაცხადა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.
”რა სხვაობაა შაჰ-აბასსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის? არაფერი,” – განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა რეგიონებიდან ჩამოსვლა 1 ნოემბერს გვიან ღამით დაიწყეს. ტელეკომპანია ”იმედი” გუშინ გვიან ღამით პირდაპირ ეთერში გადასცემდა მანქანებისა და მიკროავტობუსების გრძელ კოლონას, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა. ეს კარდები ანალოგიური იყო ვარდების რევოლუციის წინ ”რუსთავი 2”-ის მიერ გადაღებული ვიდეომასალის.
ათი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი კოალიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას იქამდე აპირებს, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ დააკმაყოფილებს მათ ოთხ მოთხოვნას:
• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში – 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები.
ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ეს ”ზომიერი მოთხოვნებია”. ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციას არ სურს ”ხელისუფლება კედელთან მიიმწყვდიოს რადიკალური მოთხოვნებით”.
”ჩვენ არ გვინდა რევოლუცია, ჩვენ გვინდა არჩევნები,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ სახე გადაირჩინონ… დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წავა… ჩვენი მოთხოვნები ულტიმატუმი არ არის”.
თუმცა ხელისუფლების პოზიციაა, რომ აქციები დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. აქვე ისინი აცხადებენ, რომ პროცესები არ უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციური კოლონა იყო 2003 წლის რევოლუციის მოვლენების ”უნიჭო იმიტაცია”.
”მიტინგი არ არის საუკეთესო ადგილი დიალოგის გასამართად კონკრეტულ საკითხებზე,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 2 ნოემბერს, ”შეიძლება იყოს თემები, რაზეც არ მოხერხდეს კომპრომისის მიღწევა, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს თემები, რომლებზეც ჩვენ ახლაც ვსაუბრობთ და რამდენიმე ხნის წინაც ვსაუბრობდით, სადაც შეიძლება გარკვეული მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვეს”.
მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად მიანიშნეს, რომ ისინი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
ძალადობის რაიმე ნიშნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციამ გადაკეტა რუსთაველის პროსპექტი და მისი მიმდებარე ქუჩები ოპოზიციის საპროტესტო აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.