ახალი ამბები

სააკაშვილი გაეროს კვლავ აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაერო განმუხურის პატრიოტთა ბანაკთან დაკავშირებული პოზიციის გამო და განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს ინციდენტის ადგილზე მისი ჩასვლის მიზანი იყო, რომ მსოფლიოს სწრაფად გაეგო სიმართლე.


ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისში მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც ასევე ნაჩვენები იყო ვიდეომასალა 30 ოქტომბერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, განმუხურის პატრიოტთა ბანაკთან ქართულ პოლიციასა და რუს სამშვიდობოებს შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე.


”სანამ განმუხურის ბანაკი გაიხსნებოდა, ეს რეგიონი იყო მთლიანად ტერორიზებული… იქ არის მრავალი სოფელი, რომელიც ადრე იყო მუდმივი შემოტევების, ბანდიტიზმის, ადამიანების მოტაცების, მკვლელობების არენა და ამ ყველაფერს აკონტროლებდნენ რუსი სამშვიდობოები,”- განაცხადა სააკაშვილმა.


იგი კიდევ ერთხელ შეეხო გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის რეკომენდაციას, რომელიც განმუხურის ბანაკის დახურვას უკავშირდებოდა. სააკაშვილმა ამ რეკომენდაციას პირველად სექტემბერში უწოდა ”ამორალური და უბადრუკი” რჩევა.     


”ივლისში გაერომ ისე, რომ ერთი თავისი წარმომადგენელი, არცერთი მეგობართა ჯგუფის წევრი ელჩი არც ყოფილა და არც დაინტერესებულა ამ ბანაკზე ცალი თვალით მაინც შეეხედა, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოგვიწოდა, რომ ბანაკი იქიდან გაგვეყვანა იმიტომ, რომ მან შეიძლება ნერვები მოუშალოს თურმე აფხაზებს და გამოიწვიოს პროვოკაციები,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მე ვფიქრობ, რომ ეს არის კლასიკური ნიმუში მარცხისა საერთაშორისო ორგანიზაციების არა მხოლოდ გადაწყვიტოს პრობლემა, არამედ საერთოდ გაერკვეს პრობლემაში. ეს იყო სრულიად მიუღებელი რეკომენდაცია, რომელიც მორალთან იყო საკმაოდ დაშორებული, მე ამაზე ძალიან ხმამაღლა განვაცხადე, მათ შორის განვუცხადე გაეროს გენერალურ მდივანს”. 


პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე გაიხსენა საერთაშორისო გამოხმაურება ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში  6 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე. 


”როდესაც დაგვიბომბეს ხელახლა ზემო აფხაზეთი, მაშინ ძალიან დიდ დრო დაგვჭირდა საერთოდ ამის გასატანად მსოფლიოში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ” ხოლო როდესაც აგვისტოში მოხვდა რაკეტა საქართველოს ცენტრში გორის რაიონის სოფელ წითელუბანს, მაშინ სიტუაცია შეიცვალა უკეთესობისკენ. მე მინდა მადლობა ვუთხრა შვედეთს, ბრიტანეთს, ჩვენ ბალტიის მეგობრებს, რამდენიმე სხვა ქვეყანას, რომელთაც სწრაფად გამოაგზავნეს თავისი ექსპერტები და ჩვენ სწრაფად შევქმენით კოალიცია, რომელმაც დაწერა სწორი დასკვნები”.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რათა არ დაუშვას თავდახსმები მომავალში.


”საქართველოს აქვს ყველა საშუალებები, რომ ასეთი თარეში საქართველოს ტერიტორიაზე აღკვეთოს და ეს აღარ დაუშვას მომავალში,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა, მაგრამ ქვეყანა, რომელსაც აქვს უკვე ასპროცენტიანი ნიშნები სახელმწიფოებრიობის და ამას ჩვენ, როგორც მე კარგად განვუმარტე იმ რუს მეთაურს [განმუხურის ინციდენტის დროს], ვაპირებთ რომ მუდმივად განვახორციელოთ”.

Back to top button