ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს განმუხურის ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებს

განმუხურში ქართველ პოლიციელებსა და რუს სამშვიდობოებს შორის დაპირისპირება ქართული მხარის პროვოცირებული იყო და პრეზიდენტ სააკაშვილის ქცევა ამ ინციდენტის მსვლელობის ადგილას განაპირობა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობიდან ყურადღების გადატანის სურვილმა, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 1 ნოემბერს.


”იზრდება [საქართველოში] ოპოზიციის პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, ეცემა პრეზიდენტის რეიტინგი,”-  აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”იმ პირობებში, როცა მოსალოდნელია საქართველოს ოპოზიციის  მასობრივი მიტინგები, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილისაგან შეიძლება მოველოდეთ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს მიმართულს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში სიტუციის გართულების და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისაკენ”.


რუსეთის საგარეო უწყება თავის საინფორმაციო შეტყობინებაში დეტალურად აღწერს 30 ოქტომბერს განმუხურის პატრიოტული ბანაკის სიახლოვეს ქართველ პოლიციელებსა და რუს სამშვიდობოებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც მოსკოვის განცხადებით პროვოცირებული იყო ქართული მხრიდან. თუმცა თბილისი საპირისპიროს ამტკიცებს. ინციდენტის შედეგად რუსმა სამშვიდობოებმა ხუთი ქართველი პოლიციელი სასტიკად სცემეს.


იმავდროულად, რუსული მხარე აცხადებს, რომ განმუხურის ინციდენტის მსვლელობისას სამშვიდობო ძალების ვერტმფრენი Ми-24 დაიცხრილა ხმელეთიდან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო სამმა სამშვიდობომ სხვადასხვა სახის ტრამვების მიიღო.


”ქართულ მხარესთან მრავალსაათიანი წინააღმდეგობის განმავლობაში რუს სამშვიდობოებს მანდატით დაკისრებული მიზნებიდან და ამოცანებიდან ოდნავაც არ გადაუხვევიათ… თავი შეიკავეს იარაღის გამოყენებისაგან (თუმცა ქართველების მიერ შექმნილი პროვოკაციული პირობები საკმარისად იძლეოდა ამის უფლებას თავდაცვის მიზნით),” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განმუხურის ინციდენტით საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს რუსი სამშვიდობოების მიმართ და არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილის არ ქონაზე მიუთითებს.


საქართველოს ხელისუფლებამ განმუხურის ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ დაიწყებს პროცედურებს რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის მიზნით.


თბილისმა ასევე მოითხოვა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების მეთაურის სერგეი ჩაბანის დაუყოვნებლივ გაწვევა.


თუმცა 1 ნოემბერს გავრცელებულ კიდევ ერთ საინფორმაციო შეტყობინებაში, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი აღნიშნავს, რომ სერგეი ჩაბანი გააგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას, თუ 27 ნოემბერს ასტანაში დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭო რაიმე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Back to top button