ახალი ამბები

ხელისუფლება და ოპოზიცია დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრობენ

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც 2 ნოემბრის საპროტესტო აქციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, იმოქმედონ სამართლებრივ ჩარჩოებში ისე, რომ არ ”დაასხან მათ წისქვილზე წყალი”, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.


”ჩვენთვის ეს არის მთავარი,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 1 ნოემბერს, ”მე მინდა თითოეულ ადამიანს, რომელიც ხვალ მობრძანდება ვუთხრა: გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და იმოქმედეთ სამართლებრივ ჩარჩოებში და რაც მთავარია ყველამ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვიფიქროთ ჩვენ პასუხისმგებლობაზე არა ხელისუფლების ან ოპოზიციის წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე”.


ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 2 ნოემბრის აქცია სწორედ ამის დემონსტრირებაა.   


”მე დარწმუნებული ვარ არავის არ აქვს იმედი და ილუზია იმისა, რომ შეეძლება სიტუაციის კანონს მიღმა პროცესების დაწყება და არევა სიტუაციისა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ამის უფლებას არავის არ მიცემს,”- განაცხადა დღეს არველაძემ.


პარალელურად, ოპოზიციის ლიდერებმა ათი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნით კამპანიას აწარმოებენ, განაცხადეს, რომ 2 ნოემბერს იწყებენ მშვიდობიან აქციებს, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.


”ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ან რაიმე ქმედებას მიმართულს მთავრობის ჩამოგდებისკენ,”- განაცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.


გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ 30 ოქტომბერს Civil.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს კომპრომისს არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოწევასთან დაკავშირებით.


ოპოზიციის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები 2 ნოემბერს  პარლამენტის წინ დღის 12 საათიდან დაიწყებენ შეკრებას და აქცია 14 საათზე დაიწყება.

Back to top button