
აჭარიდან მომავალ კოლონას გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ – ოპოზიცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომავალი მანქანების და მიკროავტობუსების კოლონა, რომელსაც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მონაწილეები მოჰყავდა, 1 ნოემბერს უცნობი ახალგაზრდების ჯგუფმა გააჩერა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
ტელეკომპანია ”იმედის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაუკეტა გზა რამდენიმე მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მანქანებს, როგორ წაართვეს შავ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანებმა მძღოლებს გასაღებები და გაიქცნენ.
აჭარის ადგილობრივი გაზეთის ”ბათუმელების” რედაქტორმა ეთერ თურაძემ Civil.Ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აჭარიდან თბილისში მომავალი ორივე გზა ჩაკეტიია უცნობი პირების მიერ.
”ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. მათ ჩაქვის გვირაბი და მისი შემოვლითი გზაც ჩაკეტეს,” – განაცხადა მან.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აჭარაში მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების მცდელობის ნაწილია ჩაშალოს 2 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია, ოპოზიციის აქტივისტებისთვის რეგიონებში დაბრკოლებების შექმნის გზით. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ შეზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა რეგიონებში.
”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მატარებლის ბილეთებიც კი არ გაიყიდა,” – განაცხადა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 1 ნოემბერს.
თუმცა, შპს ”საქართველოს რკინიგზამ” უარყო ეს ინფორმაცია და მას უსაფუძვლო უწოდა.
იმავდროულად, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მის ოფისში შესულია საჩივრები, სადაც მძღოლები აპროტესტებენ მათთვის მანქანის მართვის მოწმობების, ტექპასპორტების ჩამორთმევას და მათ წინააღმდეგ გატარებულ სხვა საგანგებო ზომებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ ჩამოვიდნენ 2 ნოემბერს თბილისში.
”ეს არის, რა თქმა უნდა, კანონდარღვევა და კიდევ ერთი გამოვილნება იმ დამოკიდებულებისა, რასაც ხელისუფლება ავლენს მიტინგების და მანიფესტაციების თავისუფლების მიმართ,”- განაცხადა სუბარმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა ასევე უარყო რაიმე დაბრკოლებების არსებობა გზებზე.
”მოძრაობა რეგიონებში არსებულ გზებზე აბსოლუტურად თავისუფალია, დაბრკოლებების გარეშე. აჭარის გვირაბში არსებობდა პრობლემა, მაგრამ ეს იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც მოგვარდება და მოძრაობა გვირაბის გავლით მალე აღდგება,” – განაცხადა ხიზანიშვილმა.