ახალი ამბები

სააკაშვილი: ქუთაისი 21-ე საუკუნის ქალაქად გადაიქცევა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, რომ იწყება საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის ”ამბიციური” პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ”ქუთაისის გადაქცევას 21-ე საუკუნის ქალაქად”.


”მე გაძლევთ სიტყვას, რომ მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ქუთაისის პროექტის ნაწილი იქნება დასრულებული ჩვენი დაფინანსებით,”- განუცხადა სააკაშვილმა ქუთაისის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას.


მისი თქმით, განმუხურში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, მან არ შეცვალა ქუთაისში ჩასვლის გეგმები.


”მე მეუბნებოდნენ დღეს, რომ იქნებ გრაფიკი შეგვეცვალა და კონცენტრაცია მოგვეხდინა ამ თავდასხმაზე, მაგრამ უარი ვთქვი. იმიტომ, რომ საქართველოს მოწინააღმდეგეს ზუსტად ეს უნდა, საქართველოს მოწინააღმდეგეს უნდა ის, რომ მუდმივად იქმნებოდეს იმიჯი იმისა, რომ საქართველო შესუსტებულია, საქართველოში შინა აშლილობაა, არეულობაა,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”რატომ დაგვესხა თავს გუშინ ყაჩაღური შენაერთი განმუხურში? იმიტომ, რომ იფიქრეს ახლა არის შინააშლილობა, ახლა არის მომენტი და ახლა არის ქართული ორგანიზმი შესუსტებული – თავისივე ტყუილები დაიჯერეს. იფიქრეს, რომ განმუხურის ბანაკი, რომელიც სიმბოლოა ჩვენი აფხაზეთში დაბრუნების, დაეცემა და ამ ბანაკის დაცემა იქნება საქართველოს მთავრობის დაცემის დასაწყისი”.


”მაგრამ ჩვენ როგორც არასდროს ვიქნებით გამართულები, ძლიერები, გაერთიანებულები და გადამწყვეტი ნაბიჯებით ვივლით წინ,”- დასძინა პრეზიდენტმა.

Back to top button