ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლებამ რუსი სამშვიდობოების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ამ პროცესის დაწყების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძემ.


”გადაწყვეტილება სამშვიდობოების გაყვანისა და დელეგიტიმაციის შესახებ მიღებული გახლავთ. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს გაყვანასთან დაკავშირებით ამაზე გრძელდება კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ჩვენს პარტნიორებთან, რომ არ იყოს მათთვის ეს სიურპრიზი,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”თარიღს სამშვიდობოების გაყვანის შესახებ მოგვიანებით გაიგებთ”.


ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის ლიდერებისა და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების დახურული შეხვედრის შედეგად გახმოვანდა. ამას წინ უსწრებდა 30 ოქტომბრის განმუხურის ინციდენტი, რომლის დროსაც ოფიციალური თბილისის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები თავს დაესხნენ ქართული პოლიციის საგუშაგოს და ხუთი პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


”რაც შეეხება სამშვიდობოებს, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ისინი არ არიან ობიექტურნი, არ არიან მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი რეგიონში როგორც ეს უნდა იყოს სამშვიდობოების მანდატიდან გამომდინარე, არამედ პირიქით ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი არიან მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


გასული წლის ივლისში პარლამენტმა უკვე დაავალა მთავრობას, დაეწყო აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისათვის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის.


”პარლამენტმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით და მთავრობას დაწყებული ჰქონდა აქტიური მუშაობა მანდატის შეწყვეტისა და სამშვიდობოების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით,”- აღნიშნა ბურჯანაძემ. 

Back to top button