ახალი ამბები

პატარკაციშვილმა ”იმედის” აქციები News Corp-ს გადასცა

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა მედია ჰოლდინგის ”იმედი” აქციები რუპერტ მერდოკის News Corporation-ს გადასცა, იტყობინება ტელეკომპანია ”იმედი” 31 ოქტომბერს.


”შედეგად, ტელეკომპანია იმედის მფლობელი News Corporation-ი ხდება,” – განაცხადა ტელეკომპანიამ.


ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, News Corporation-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარტინ პომპადური თბილისს პატარკაციშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ესტუმრა.


პატარკაციშვილმა ამ გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე განაცხადა, რომ ოპოზიციის კამპანიის დაფინანსებას გეგმავს, რომლის მთავარი მოთხოვნაც აპრილში საპარლამენტო არჩევნების ჩატრებაა. 


ოქტომბრის დასაწყისში პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში გადასვლის შემთხვევაში თავის აქციებს News Corporation-ს გადასცემდა.


News Corporation-მა ”იმედის” აქციები გასული წლის აგვისტოში შეიძინა. თუმცა, გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.


2007 წლის სექტემბერში ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება მთავარი ცენტრი News Corporation-ის შემდგომი გაფართეობისთვის პოსტ-საბჭოთა სივრცეში.


ტელეკომპანია ”იმედი” თავისი საეთერო დროის დიდ ნაწილს ოპოზიციას უთმობს. ამავდროულად, მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წელიწადზე მეტია უარს აცხადებენ ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობაზე. ბოლო დროს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააძლიერეს ტელეკომპანიის კრიტიკა ქვეყანაში დაძაბულობის ”ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობის” გამო. პატარკაციშვილს ხელისუფლება მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის თავის მედიასაშუალებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის და ახალი რევოლუციის მოწყობისთვის იყენებს.   


 

Back to top button