
სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს, განმუხურის ინციდენტის შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ქვემოთ მოცემულია სააკაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ტელეკომპანიებმა პირდაპირი ეთერით გააშუქეს:
”თბილისში ახალი ქარხნის გახსნისას მივიღეთ ინფორმაცია, რომ განმუხურში ახალგაზრდული პატრიოტთა ბანაკის ტერიტორიაზე, პოლიციის პოსტზე, რომელიც იცავს ამ ტერიტორიას, ამჟამად იქ ახალგაზრდები არ იმყოფებიან, განხორციელდა თავდასხმა რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენლების დიდი რაზმის მიერ – 100-150 მებრძოლამდე იყო რუსეთის სამშვიდობო ძალების.
განმუხურის ბანაკი ჩემთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ადგილია. ჩვენ, იცით რომ, ძალიან პრინციპული საუბარი გვქონდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან იმ მოხსენების თაობაზე, რომელიც ეხებოდა ამ ბანაკს. ჩვენ კბილებით დავიცავით ეს ბანაკი და კარგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბოლოში ეს პოზიცია გაიზიარა და ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბანაკის იქიდან გადაადგილებას და ეს ვიღაცეებს აქვთ ყელში გაჩხერილი.
ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება და გავფრინდი განმუხურში. ჩემთვის ეს იყო პირადი ღირსების საკითხი, ამ ბანაკის დაცვა და მისი დამცველების გვერდზე დადგომა და მხარში ამოდგომა.
იქ რაც ვნახეთ, ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მე ვარ ძალიან აღშფოთებული და ეს იყო სრულიად მიუღებელი, რაც იქ მოხდა. ყველანაირი პროვოცირების გარეშე დიდი რაზმი რუსეთის სამშვიდობოების ჯავშანტრანსპორტიორებით დაესხა თავს პოლიციის რაზმს, რომლის ფუნქცია არის იქ საზოგადოებრივი წესის ორგანიზება და დაცვა და სხვათა შორის, ამ ფუნქციას მშვენივრად ართმევენ თავს – რაც ეს პოლიციელები არიან იქ აღარ არის ყაჩაღობები და მკვლელობები და ხალხმა ამოისუნთქა. ძალიან ღირსეულად ეჭირათ თავი პოლიციელებს და ეს კარგად ჩანს გადაღებულ კადრებზე. მათ უთხრეს, რომ ისინი ასრულებენ მშვიდობიან ფუნქციებს და არაფერი პრეტენზია მათ არავისთან არ შეიძლება ჰქონდეთ. ამის შემდეგ ხდება ნამდვილად კრიმინალური, ყაჩაღური თავდასხმა, ამ ხალხის განიარაღება, ხელების შეკვრა და სადისტური ცემა.
მე ვფიქრობ, ეს რომ ყოფილიყო საომარი მოქმედებები, ეს იქნებოდა კვალიფიცირებული, როგორც სამხედრო დანაშაული და ამ შემთხვევაში ეს არის წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაული, დაფიქსირებული ვიდეოკამერებზე.
ამაზე ვერავინ ვეღარ გვეტყვის, რომ ჩვენ თვითონ ჩავაგდეთ რაკეტა სადღაც და ჩვენ თვითონ დაგვესიზმრა, რომ ჩვენი სოფელი დაბომბეს. პირველად მთელ მსოფლიოს ჩვენ ვაჩვენებთ კადრებს კრიმინალური აქტის ჩადენისა ამ ე.წ. სამშვიდობოების მიერ.
მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრისგან დასკვნა არის შემდეგი: ჯერ ერთი ჩვენ ამ ბანაკს აქედან არ გავიყვანთ, ამის იმედი არავის არ ქონდეს. ეს არის მშვიდობიანი ბანაკი და ჩაიარა ყოველგვარი ინციდენტების გარეშე. მომავალ წელს ეს ბანაკი გაიზრდება მინიმუმ ორჯერ და შეიძლება მეტჯერაც და ბევრად მეტი ხალხი დაისვენებს.
ჩვენ გავაძლიერებთ ხალხის დაცვას ამ ზონაში და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭომ დაიწყო სამშვიდობო პროცესის გადახედვა, მათ შორის ეს შეეხება ასევე სამშვიდობოების მანდატს და ჩვენ ყველა ამ მიმართულებით უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, ყველამ ერთად. აქ არის პარლამენტის დადგენილებები, აქ არის დიპლომატიური პროცესი, კონსულტაციები ჩვენ მეგობრებთან. ჩვენ, მე ვფიქრობ, მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ.
მე დღეს გამოვაცხადე, რომ გენერალი ჩაბანი ცხადდება არასასურველ პირად საქართველოში და მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ის ამჯერად იმყოფება სოხუმში, ანუ სოხუმი საქართველოა და მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩვენ არსებითად იმ პირობებში, როცა სამშვიდობო პროცესს ვუჭერთ მხარს, გავაგრძელებთ შემდგომ თანმიმდევრულ გადამწყვეტ მოქმედებებს აფხაზეთში დევნილების დაბრუნების, მშვიდობის აღდგენის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით… მე ვფიქრობ, მთლიანად საქართველო და სამეგრელოს მკვიდრნი და მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან მშვიდად. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ბოლომდე დავიცვათ იქაურობა და მე მინდა ვუთხრა დევნილებს აფხაზეთიდან – დრო, როცა ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში ძალიან მალე მოვა. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული და ამ პროცესს ვერანაირი ძალები, ყველაზე უფრო უარყოფითი მსოფლიოში და სამეზობლოში ვერ შეაჩერებს”.