
საქართველოს ოფიციალური პირები განმუხურის ინციდენტზე კომენტარს აკეთებენ
სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტი რუსეთის მიერ დადგმული პროვოკაციაა, განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.
”რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყანა, რომელიც არ არის დაინტერესებული აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში,” – განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ”ეს არის უმძიმესი პროვოკაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები და პასუხისმგებლობა ამ შედეგებისთვის მთლიანად ეკისრება რუსეთის ფედერაციას”.
”ეს იყო ძალიან უხეში პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები სიტუაციას ძაბავს, პრაქტიკულად შესაძლებელს ხდის პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებას. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ძალიან მაღალ საერთაშრისო დონეზე განსახილველი საკითხი. ძალიან კარგია ის, რომ ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებმა ძალიან სწრაფი და ძალიან ეფექტური პასუხი გასცეს ამ პროვოკაციას,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.
იმავდროულად, თარგამაძის მოადგილემ ნიკა რურუამ განაცხადა, რომ განმუხურის ინციდენტი იმ პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ათი ოპოზიციური პარტიის კამპანიას.
”ეს პროვოკაცია – სხვას ამას ვერაფერს ვერ უწოდებ – დაემთხვა იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ცდილობს შექმნას ჩვენი ოპოზიცია. ყველაფერი რაღაცნაირად ერთი დიდი სურათის პატარა კომპონენტს ემსგავსება. თავისთავად რუსი სამხედროების ეს გამოხტომა რეალურად ვერაფერს ადგილზე ვერ შეცვლის, რადგანაც საქართველოს სახელმწიფო ძლიერია იმდენად, რომ დაიცვას თავი ნებისმიერი აგრესიისგან,” – განაცხადა რურუამ.