ახალი ამბები

განმუხურის ბანაკთან მომხდარი ინციდენტის გამო ქართულმა მხარემ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

ქართულმა მხარემ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა დღეს განმუხურის პატრიოტული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ძალების შეიარაღებული რაზმის შეჭრის გამო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, განმუხურის პატრიოტული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მხრიდან შემოიჭრა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული სამშვიდობო ძალების რაზმი.


რუსებმა მძევლად აიყვანეს რამდენიმე ქართველი პოლიციელი და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიკავეს საბრძოლო პოზიციები, რასაც მოჰყვა ორმხრივი სროლა. ქართული მხარის მტკიცებით, დაკავებულები სასტიკად სცემეს.


ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სავნეთის რწმუნებული ზაზა გოროზია და რუსი სამშვიდობოების სარდლობა.


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების სარდლის სერგეი ჩაბანის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამ დროისთვის მიმდინარეობს რუსი სამშვიდობოების მიერ დაკავებული ხუთი ქართველი პოლიციელის ქართული მხარისთვის გადაცემა, იუწყება ”რია ნოვოსტი”.


მისი თქმით, რუსმა სამშვიდობოებმა გალის რაიონის ქვემო ნაწილის და ზუგდიდის რაიონის ტერიტორიების პატრულირებისას დააკავეს და განაიარაღეს ხუთი ქართველი პოლიციელი, რომლებიც იარაღის გამოყენებით რუს სამშვიდობოებს ემუქრებოდნენ.


ამ დრომდე მიმდინარეობს მომხდარის დეტალების დადგენა.



 

Back to top button