
ვენაში, ლონდონსა და ნიუ-იორკში საქართველოს საინვესტიციო ფორუმები გაიმართება
28 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტები ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტირების ფორუმები გაიმართება, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
29 ოქტომბერს ვენაში ჟურნალ The Economist-ის ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა – ”ბიზნესის წარმოება და ინვესტირება საქართველოში”, სადაც განიხილავენ ბიზნესწარმოების შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და საფინანსო სექტორებში.
30 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტს დიდ ბრიტანეთში განაგრძობს, სადაც შეხვდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს ჟან ლემიერს. 31 ოქტომბერს ლონდონში გაზეთ Financial Times ხელშეწყობით გაიმართება კონფერენცია ”დააბანდე საქართველოში”.
1 ნოემბრიდან ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელდება. ნიუ-იორკში 5 ნოემბერს Dow Jones ბირჟის ხელშეწყობით იგეგმება მრგვალი მაგიდა საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებზე.