ახალი ამბები

ქართული მხარე შსკ-ს რუსულ ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიმიტრი მანჯავიძე უარყოფს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის განცხადებას, თითქოს 23-24 ოქტომბერს თბილისში ეუთოს ოფისში გამართული შსკ-ს სხდომა ქართული მხარის მიზეზით დასრულდა უშედეგოდ.


25 ოქტომბერს ”რია ნოვოსტი” შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარის იური პოპოვის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შსკ-ს სხდომის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ქართულმა მხარემ მოითხოვა მასში ასახულიყო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას შორის კონტაქტის დამყარების საჭიროება.


”პირდაპირ გეუბნებით, რომ დიმიტრი სანაკოევის [დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის] საკითხი შსკ-ს სხდომაზე დააყენა რუსეთის მხარემ,” – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე დიმიტრი მანჯავიძემ, ”ეს ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ ყოფილა”.


მისი ინფორმაციით, ორდღიანი სხდომის შემაჯამებელ ოქმზე ხელი სამხრეთ ოსურმა მხარემ არ მოაწერა. ამ ”არაკონსტრუქციული პოზიციის” უკან პოპოვის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთი იდგა, აღნიშნა მანჯავიძემ.


მან ასევე განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატში ნებისმიერი წარმატების მიღწევა ”მთლიანად რუსეთის ხელშია”.  

Back to top button