
ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნა მოითხოვა
ახალი ოპოზიციური ფრაქციის ”ჩვენი საქართველოს” ლიდერმა ვალერი გელბახიანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც ბიზნესში არსებულ მონოპოლიებს შეისწავლის.
”ვინაიდან პრეზიდენტმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ საბჭოს ქმნის და დღემდე ეს საბჭო არ შექმნილა, ვინაიდან მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა და მთავრობამ აღიარა, რომ საქართველოში არსებობს მონოპოლიები ბიზნესზე – ჩვენ გვინდა რომ პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტების გამოძიება,”- განაცხადა გელბახიანმა, რომლის ფრაქციის დარეგისტრირება პარლამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია.
”გაძლევთ პირობას, რომ ორი კვირის ვადაში დავდებთ ისეთ მასალებს, რომ თვითონ საქართველოს პრეზიდენტს გამოვიყვანთ უხერხული მდგომარეობიდან და ვამხელთ ყველა იმ მინისტრს, რომლებიც ეწევიან მონოპოლიებს ბიზნესზე,”- დასძინა მან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი კომისიის შექმნის საკითხზე მოგვიანებით იმსჯელებს.
იმავდროულად, ეროვნული ბანკში აუდიტის ჩატარების მიზნის კომისიის შექმნას, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ მოითხოვა, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უყარა კენჭი.