ახალი ამბები

სამი ოპოზიციონერი ლიდერი ბრიუსელს სტუმრობს

პარტია საქართველოს გზის, თავისუფლების და რესპუბლიკელების ლიდერები სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელს სტუმრობენ, სადაც 25 სექტემბერს შეხვედრას გამართავენ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესს წარმომადგენელთან  ხავიერ სოლანასთან.


”ჩვენი ვიზიტის მიზანია კარგად გაიაზრონ და ადეკვატური შეფასება მისცენ მიმდინარე მოვლენებს, რათა მათი [ევროკავშირის] პოზიცია იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო და არა ვინმესთვის სასარგებლო, ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია,”- განუცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”.


გამსახურდიას განცხადებით ბრიუსელში ოპოზიციის მთავარი სასაუბრო თემა  უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და 2 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქცია იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების გამართვა და სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება.


ამ საკითხებთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ასევე გამართეს შეხვედრა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებისთან.


რაც შეეხება საქართველოს გზის ლიდერს, ბრიუსელში ვიზიტამდე იგი საფრანგეთს სტუმრობდა, სადაც შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მრჩევლებთან და საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში. სალომე ზურაბიშვილმა თავისი ევროპული ტურნე გერმანიაში 10 ოქტომბერს დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button