ახალი ამბები

სააკაშვილი მინისტრებს ფასების ზრდის შესაჩერებლად მონოპოლიებთან ბრძოლას ავალებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებს იმპორტზე არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა. მისი თქმით, სწორედ მონოპოლიაა სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.


მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა სთხოვა მინისტრებს ინფორმაცია მიეწოდებინათ ზოგიერთ პროდუქტზე, ძირითადად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების თაობაზე. სამომხმარებლო ფასების ზრდა საზოგადოების უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს და ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ოპოზიცია 2 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.


სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2007 წლის სექტემბრის ბოლოს 12-თვიანი ინფლაციის დონემ 9% შეადგინა, თუმცა ბევრი ეკონომიკური ექსპერტი ამ მაჩვენებელს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ინფლაციის რეალური მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია.


”მე ვიცი, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასები გაიზარდა და მინდა ვიცოდე, რამ გამოიწვია ეს,” – მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს.


პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ფასების ზრდა ძირითადად ”გარე ფაქტორებმა” გამოიწვია.


”სამწუხაროდ, ფასები ბევრ პროდუქტზე გაიზარდა ბოლო თვეებში და ეს ძირითადად გარე ფაქტორების გამო მოხდა. ჩვენ ამ პროდუქციას არ ვაწარმოებთ – მე ვგულისხმობ ხორბალს და პურის ფქვილს  – ფქვილი ძირითადად უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოგვაქვს, სადაც ფასები ასევე გაიზარდა,” – განაცხადა ნოღაიდელმა, ”ფასები ასევე გაიზარდა რძის ნაწარმზე, ასევე გარე ფაქტორების გამო”.


”რა იტყვით შაქრის ფასზე?” – მიმართა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უპასუხა: ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შაქრის მწარმოებელი ქარხანა საქართველოში, ის ჩვენი მოთხოვნილების მხოლოდ 4%-ს აკმაყოფილებს”.


პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაერთო და განაცხადა, რომ მისმა სამინისტრომ მიიღო ზომები, რომელთაც ხელი შეუწყვეს მარილზე ფასის კლებას.


”მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი ფასების შესახებ,”  – განაცხადა მან, ”თქვენ იცით, რომ მარილის ფასი იყო ძალიან მაღალი. სამინისტროში არსებული რეზერვებიდან გამოვყავით 800 ტონა მარილი, რომელიც რეგიონებში იყიდება განახევრებულ ფასად. ამან გამოიწვია მარილის ფასის შემცირება. ამ შემთხვევაში ფასების ზრდის ერთ-ერთი სტიმული იყო მონოპოლისტი იმპორტიორი, რომელსაც ბაზრის 70-80% ეკავა”.


ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პროდუქციაზე ფასების ზრდა, პირველ რიგში, გარე ფაქტორებმა გამოიწვია, თუმცა ამას ხელი შეუწყო ასევე ზოგიერთმა მონოპოლისტმა კომპანიამ.


მისი განცხადებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი სტიმულატორი ის ფაქტორიც არის, რომ რიგი პროდუქციის შემოტანა ქვეყანაში მონოპოლიზებულია.


”ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ყველანაირი მონოპოლიები მოვშალოთ საქართველოში,”- განაცხადა სააკაშვილმა. 


მან საგადასახადო სამსახურის მიერ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში დაყადაღებულ კომპანია “არტი ჯგუფის” მაგალითზე ისაუბრა, რომელიც უმსხვილესი დისტრიბუტორი და ექსკლუზიური პარტნიორია კომპანიების: Procter & Gamble, Gillette, Uni, Dilmah და Sara Lee ამიერკავკასიის ქვეყნებში.  ”არტი ჯგუფის” მეპატრონეა ქიბარ ხალვაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი. ამჟამად, ქიბარ ხალვაშის ადგილმდებარეობა უცნობია. მისი ძმა, ნიაზ ხალვაში, რომელსაც ასევე აქვს წილი ქიბარ ხალვაშის ბიზნესში, ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს და მოპარული მანქანის ყიდვასა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს ბრალი. ნიაზ ხალვაშის ადვოკატი ბრალდებებს შეთითხნულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნიაზ ხალვაში მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ის ქიბარ ხალვაშის ძმაა.


გასულ თვეს შემოსავლების სამსახურმა “არტი ჯგუფის” აუდიტორული შემოწმება დაიწყო, რაც კომპანიის საქმიანობის შეჩერებით დასრულდა. “არტი ჯგუფის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დარღვევა არ იქნა აღმოჩენილი, კომპანიას არ ეძლევა უფლება განაგრძოს საქმიანობა, რამაც ის გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა. 


”ახლა კორუფციულ სკანდალში ჩართული აღმოჩნდა ჰიგიენური საგნების შემომტანი ფირმა. აღმოჩნდა, რომ ერთ კომპანიას შემოჰქონდა საქართველოში კბილის პასტიდან დაწყებული საბავშვო პამპერსებით დამთავრებული – ეს საკითხი აქტუალურია ჩემთვის [სააკაშვილს ორი წლის და ათი თვის შვილი ჰყავს],” – განაცხადა სააკაშვილმა, ”სხვამ რომ მოინდომა შემოსვლა, ჩვენი ძვირფასი თავდაცვის სამინისტრო [ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში] ლამის ტანკებით მიადგა და აღარ შემოუშვა სხვა არცერთი პროდუქცია ბაზარზე. და ეს მოხდა ჩვენ დროს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ოდესმე განმეორდეს, რომ ვინმეს ჰქონდეს ასეთი პრივილეგია და ასეთი ექსკლუზივი ქართულ ეკონომიკაში რომელიმე სფეროზე”.


”ყველა სფეროში უნდა შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია, რადგან იქ სადაც არის კონკურენცია, არის ასევე ყოველთვის კონკურენცია ფასებში, ე.ი ყოველთვის არის ტენდენცია, რომ უფრო დაბალი ფასი შესთავაზო მომხმარებელს და უფრო უკეთესი ხარისხის პროდუქცია,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან დაავალა მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კონკურენციის სააგენტო, რომელმაც 2005 წელს ანტიმონოპოლიური სამსახური ჩაანაცვლა.  


”კონკურენციის სააგენტოს ამ ქვეყანაში არაფერი არ ეტყობა, რომ არსებობს და ეჭვი მაქვს რომ არც არაფერს არ აკეთებენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე დაავალა პრემიერ-მინისტრს შექმნას სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ანტიმონოპოლიურ ღონისძიებებს გაატარებს.

Back to top button