ახალი ამბები

თბილისი შსკ-ს სხდომას მასპინძლობს

საქართველოს, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები შერეული საკონტროლო კომისიიდან (შსკ) 23 ოქტომბერს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში შეიკრიბნენ.


შსკ-ს პლენარული სხდომის მსვლელობისას, რომელიც ეუთოს მისიის ოფისში იმართება, ცხინვალი და თბილისი თავიანთ მოთხოვნებს დააყენებენ.


”ჩვენი მთავარი პრიორიტეტია რეგიონის დემილიტარიზაცია, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება და იარაღის უკანონო შემოტანის აღკვეთა,” – განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 23 ოქტომბერს.


მისი თქმით, ორი რამ არის საჭირო ამ მიზნების მისაღწევად: სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის დამაკავშირებელ როკის გვირაბზე კონტროლის დამყარება და სოფელ დიდ გუფთაში სადამკვირვებლო პოსტის გახსნა.


სოფელი დიდი გუფთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს – ეს ტერიტორია ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსზეა განთავსებული. თბილისი იმედოვნებს, რომ დიდი გუფთას სადამკვირვებლო პოსტი კონფლიქტის ზონაში იარაღის შემოტანას აღკვეთს. 


ბაქრაძის თქმით, როკის გვირაბზე და გუფთაზე კონტროლის დამყარება ”გადამწყვეტი ნაბიჯი” იქნება დემილიტარიზაციის მიზნის მისაღწევად.


”ეს არის კონფლიქტის მოგვარების გასაღები,” – განაცხადა მან, ”მაგრამ, ვფიქრობ, რომ რთული იქნება შეთანხმების მიღწება ამ საკითხებზე. ადვილი არ არის ამ მიზნების მიღწევა”.


ბაქრაძე სხდომის გახსნას დაესწრო და შემდეგ დატოვა მოლაპარაკებები. ოფიციალურად ქართულ მხარეს შერეულ საკონტროლო კომისიაში ბაქრაძის მოადგილე, დიმიტრი მანჯავიძე წარმოადგენს.


ამავდროულად, მოსალოდნელია, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების საკითხს დააყენებს, რომელსაც, მათი ვარაუდით, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მოაწერონ ხელი.


თუმცა, თბილისი ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს აცხადებს. ქართული მხარე აცხადებს, რომ ამას მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციების და მოლაპარაკებების ფორმატების ინტერნაციონალიზაციის შემდეგ გააკეთებს.


სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ქართველი სამართალდამცავების მიერ კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე ”უკანონოდ დაკავებული” ეთნიკური ოსების საკითხსაც დააყენებს.     


21 ოქტომბერს ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ავნევში ეროვნებით ოსი ივანე ბესტაევი დააკავეს. ბესტაევი ეჭვმიტანილია 2007 წლის აგვისტოს პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმაში, რის შედეგადაც სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.


სხდომაზე გამოსვლისას ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ”მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის” იმ უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში, ვლადიკავკაზში ჩატარებული შსკ-ს სხდომის შემდეგ დაგროვდა. 


თბილისი უკვე წელიწადზე მეტია შსკ-ს მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას ცდილობს.


6 აგვისტოს ინციდენტის კვალდაკვალ, ბაქრაძემ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ შსკ-ს სხდომის ჩატარებამდე რუსეთს ქართული მხარის რამდენიმე კითხვაზე უნდა ეპასუხა, მათ შორის 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარი ინციდენტები ძირს უთხრიან რუსეთის, როგორც შუამავლის, როლს.     


 

Back to top button