
ეროვნული ბანკი მის პოლიტიზირებას დაუშვებლად მიიჩნევს
საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტის გაუქმება ან გაკოტრება შეუძლებელია და მსგავსი განცხადებები არასერიოზულია, აცხადებს ეროვნული ბანკი ბოლო დროს მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე ბანკის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.
”მსგავსი მიზანმიმართული კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში საბანკო სექტორის განვითარებას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და უარყოფითად მოქმედებს ზოგადად ქვეყნის იმიჯზე,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო დღეებში ქართული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს და შესაძლოა, გაკოტრების გამო დღის წესრიგში მისი საერთოდ გაუქმების და ეროვნულ საბჭოდ გარდაქმნის საკითხი დადგეს. ამ საკითხზე კომენტარი მთავრობის მხრიდან არავის გაუკეთებია.
პარლამენტარები უმრავლესობიდან ამ მოსაზრებებს პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ აუცილებელია ეროვნული ბანკის 2007 წლის საქმიანობის აუდიტორული შეფასება. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კი ეროვნული ბანკის საქმიანობით დაინტერესებას სამართალდამცავებს ურჩევს.
საუბარია პერიოდზე, როცა ეროვნულ ბანკს რომან გოცირიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შორის მისი შემცვლელის ირგვლივ საკადრო უთანხმოების ფონზე დატოვა. დღემდე გაურკვეველი რჩება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის ვინაობა.
”დაუშვებელია ეროვნული ბანკის საქმიანობის პოლიტიზირება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეროვნული ბანკის ავტორიტეტის ხელოვნურად შელახვა არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)