საინგილოს ქართული ეკლესიის დახურვის გამო პროტესტი მატულობს
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კულტურის სამინიტრო დაპირდა მას, რომ ”ჩაერევა და დაარეგულირებს” საინგილოში ერთადერთი ქართული ეკლესიის დაკეტვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.
აზერბაიჯანში, ეთნიკური ქართველებით დასახლებულ კახის რაიონში ქურმუხის წმნიდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარის აჭედვის შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ ქართულმა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს.
”ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს და წარმოიშვა, მათი აზრით, ეს არის ადგილობრივი ჩინოვნიკების პრობლემა,”- განუცხადა გიორგი გაბაშვილმა 17 ოქტომბერს ”რუსთავი 2”-ს აზერბაიჯანულ მხარესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
იმავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა წერილობით მიმართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმირა სულეიმანოვას, ინციდენტში გარკვევისა და შესაბამისი რეაგირების თხოვნით.
დღეს კი თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან გაიმართა ქართველი სტუდენტების საპროტესტო აქცია, სადაც დაგმეს ეკლესიის დახურვა და აზერბაიჯენულ მხარეს მოუწოდეს აღდგეს ღვთისმსახურება ქურმუხის ეკლესიაში.
”საქართველოში ახალი მეჩეთები შენდება და არანაირად არ იზღუდებიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები და ვფიქრობ, არც აზერბაიჯანში აქვთ იმის უფლება, რომ ჩვენი ეკლესია დახურონ,”- განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ინციდენტი გააპროტესტეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. კონსერვატორების ლიდერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ეკლესია დახურეს ”ჩვენი ხელისუფლების უპრინციპო პოზიციის გამო”.
საინგილოში ეს არ არის პირველი ინციდენტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია. ივნისში განათლების მინისტრის კახა ლომაიას საინგილოში ვიზიტისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს მოსწავლეებისთვის ქართული წიგნების დარიგებას. მაშინაც ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს არ იყო აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)