ახალი ამბები

ბალუევსკი: თბილისმა შესაძლოა კონფლიქტები ძალისმიერად მოაგვაროს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბს გააჩნია მონაცემები იმის თაობაზე, რომ თბილისმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება ძალისმიერი გზით გადაწყვიტოს, იუწყება 17 ოქტომბერს ”რია ნოვოსტი” გენშტაბის მეთაურის იური ბალუევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.


”თქვენ ალბათ გახსოვთ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის იმუქრება, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევამდე, მოაგვარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს,”- აცხადებს ბალუევსკი, ”ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადაჭრაში იგულისხმება ასევე ძალისმიერი გზაც”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 სექტემბერს პირობა დადო, რომ საქართველო გაერთიანდება მისი პრეზიდენტობის ვადაში, რომელიც მომავალ წელს იწურება, თუმცა 2008 წლის არჩევნებში იგი მეორე ვადითაც აპირებს კენჭისყრას. სააკაშვილმა ეს განცხადება კოდორის ხეობაში ახალი გზის გახსნისას გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ”მშვიდობის გზა”, რომელიც ”სოხუმამდე მიგვიყვანს”.

Back to top button