
ბაქრაძე გაეროს რეზოლუციის პროექტზე საუბრობს
აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და მათი ქონების ხელშეუხებლობის საკითხი, კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგი და კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ფორმატის გადახედვის პროცედურის დაწყება – ეს საკითხები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტში ქართული მხარის თხოვნით აისახა, განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც ნიუ-იორკში კონსულტაციებს გასული კვირის განმავლობაში მართავდა, საგანგებო ბრიფინგი დღეს თბილისში, გაეროს შტაბბინაში საქართველოს საკითხის განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამართა.
”ამ რეზოლუციაში პირველად და ღიად დაფიქსირდება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონების საკითხი – იქნება მკაფიო ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ დევნილების ქონების ხელყოფა არის დაუშვებელი, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ ქონებრივი უფლება და მათი ქონებრივი უფლებები არ უნდა შეილახოს იმ ფაქტის გამო, რომ ისინი იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კონფლიქტის შედეგად,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ასევე ითვალისწინებს აფხაზეთში არსებული დსთ-ს სამშვიდობო ფორმატის შეფასების, ანალიზის და გადახედვის თემატიკას.
”ქართული მხარისთვის ერთ-ერთი პოზიტიური ელემენტია მხარეთა შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყება და ჩანაწერი, რომელიც არსებობს რეზოლუციის ამ მომენტისთვის შეთანხმებულ და იმედი მაქვს, საბოლოოდ შეთანხმებულ ტექსტში, რომელიც იძლევა საშუალებას დაიწყოს საქართველოს მხარის მიერ მოთხოვნილი სამშვიდობო პროცესის გადახედვის პროცედურა,”- განაცხადა ბაქრაძემ.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ვალდებულია შეასრულოს რეზოლუციის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ”საკმაოდ მალე დადგება საკითხი იმის თაობაზე, რომ თუ რა ზომები შეიძლება იქნეს გამოყენებული ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც არ აღიარებს და არ ემორჩილება საერთაშორისო კანონმდებლობას და გაეროს მოთხოვნებს”.