
პარლამენტში 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
ამ კვირაში პარლამენტის კომიტეტებმა და ფრაქციებმა დაიწყეს 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 4,6 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები – 3,8 მლრდ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2008 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.5 პროცენტით გაიზრდება და 19.5 მლრდ ლარს გაუტოლდება. სამომხმარებლო ფასების ზრდა 5%-ითაა ნავარაუდევი იმ გათვლებით, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებები მომავალი წლისთვის მოსალოდნელი არ არის (2007 წლისათვის ლარის კურსის საშუალო წლიური სიდიდე 1.67 ლარი/აშშ დოლარის ფარგლებშია გათვალისწინებული).
ბიუჯეტის ხარჯვის ძირითადი პრიორიტეტები, 2007 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც იქნება სოციალური სფერო, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია. ამასთან, ბიუჯეტის პროექტი პენსიებისა და სოციალური შემწეობების ოდენობათა ზრდას არ ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, სამინისტროების მიხედვით ხარჯები შემდეგნაირად განაწილდება:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 951,8 მლნ ლარი (2007 წელი – 770,9 მლნ ლარი);
თავდაცვის სამინისტრო – 922,1 მლნ ლარი (2007 წელი – 1, 270 მლრდ ლარი);
ფინანსთა სამინისტრო – 1, 071 მლრდ ლარი (2007 წელი – 770, 9 მლნ ლარი);
ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 479,2 მლნ ლარი (2007 წელი – 405,5 მლნ ლარი);
ენერგეტიკის სამინისტრო – 58,8 მლნ ლარი (2007 წელი – 226,4 მლნ ლარი);
იუსტიციის სამინისტრო – 98,2 მლნ ლარი (2007 წელი – 138,5 მლნ ლარი);
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 50,9 მლნ ლარი (2007 წელი – 57,5 მლნ ლარი);
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 398,9 მლნ ლარი (2007 წელი – 467,4 მლნ ლარი);
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 506,1 მლნ ლარი (2007 წელი – 418,2 მლნ ლარი);
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –55,4 მლნ ლარი (2007 წელი – 74,1 მლნ ლარი);
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 53,4 მლნ ლარი (2007 წელი -60,9 მლნ ლარი);
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 39,6 მლნ ლარი (2007 წელი -50,8 მლნ ლარი);
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 27,7 მლნ ლარი(2007 წელი -40,3 მლნ ლარი);
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 503 ათასი ლარი (2007 წელი -1 მლნ ლარი);
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 968 ათასი ლარი (2007 წელი -1 მლნ ლარი);
რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 440 ათასი ლარი;
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 200 ათასი ლარი.
მომავალი წლისათვის საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 448 მლნ ლარია გათვალისწინებული.
2008 წლის ბიუჯეტიდან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხარჯებზე 9,9 მლნ ლარი გამოიყოფა, ნაცვლად წელს გათვალისწინებული 13,3 მლნ ლარისა.
ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს საპატრიარქოს 3,5 მლნ ლარით დაფინანსება.
2008 საარჩევნო წელს კი ცენტრალური საარჩევნო კომისია 6,9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 2,6 მლნ ლარით ნაკლებია წელს გამოყოფილ დაფინასებაზე.
საკომიტეტო განხილვების შედეგად, ბიუჯეტის პროექტის მიმართ საკუთარ შენიშვნებს დეპუტატები მთავრობას წარუდგენენ, რისი გათვალისწინების შემდეგაც პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კანონმდებლობით, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა მოხდეს.