
ბაქრაძე გაეროში შეხვედრებს აგრძელებს
გაეროს შტაბ-ბინაში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლის თაობაზე კონსულტაციები გაგრძელდება, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური.
დავით ბაქრაძე უკვე ერთი კვირაა ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის პროექტის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს.
ქართული მხარის სურვილია რეზოლუციაში აისახოს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების და მათი საკუთრების უფლებების დაცვის, კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების საკითხები და ზემო კოდორის ხეობაში თბილისის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში პროგრესი.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი უკვე მზად არის. მისი მიღება 15 ოქტომბერს იგეგმება.