ახალი ამბები

სოხუმი კმაყოფილია გაეროს გამოძიების წინასწარი დასკვნებით

სოხუმი ”ობიექტურს” უწოდებს გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მიერ 20 სექტემბრის შეტაკების თაობაზე ჩატარებული გამოძიების წინასწარ დასკვნებს, რომლითაც აფხაზური მხარის ვერსია დადასტურდა.


კერძოდ,  UNOMIG-მა 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შუალედურ მოხსენებაში განაცხადა, რომ ქართულ და აფხაზურ  ძალებს შორის 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკება აფხაზური მხარის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე მოხდა, ”ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს, ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით”, რაც ეწინააღმდეგება თბილისის მტკიცებას, რომ ინციდენტს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი.


”ახლა ყველასათვის გასაგები უნდა გახდეს, რომ აფხაზ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა და ადგილი ჰქონდა ჩვენი ორი ოფიცრის დახვრეტას, რომლებიც მიბჯენით გასროლით იქნენ მოკლულნი,”- იუწყება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 12 ოქტომბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, UNOMIG-ის გამოძიება შესაძლებლობას მისცემს სოხუმს მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა იმ 7 მებრძოლის გასათავისუფლებლად, რომლებიც ინციდენტის შედეგად დააკავა ქართულმა მხარემ და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. 


”ჩვენი ბიჭები იქნებიან გათავისუფლებულები. ამაში ეჭვი არავის ეპარება,”- განაცხადა შამბამ, ”შემდგომში ჩვენ მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული”.


დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 17 ოქტომბერს იგეგმება, შეხვდება ევროპის საბჭოს კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს და აფხაზი ”ტყვეების” გათავისუფლების საქმეში დახმარებას თხოვს. 

Back to top button