ახალი ამბები

გაერო 20 სექტემბრის შეტაკების გამოძიებაზე შუალედურ მოხსენებას აქვეყნებს







აფხაზეთის რუქა, გაერო.
დააკლიკეთ დეტალური დათვალიერებისათვის
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ 20 სექტემბერს ქართულ და აფხაზურ  ძალებს შორის მომხდარი შეტაკების აფხაზური ვერსია დაადასტურა. როგორც მოსალოდნელია, რუსეთი შეეცდება სათავისოდ გამოიყენოს გამოძიების შედეგები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის მიღების წინ, რაც 15 ოქტომბერს იგეგმება.


20 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან მომხდარი შეტაკების დროს შვიდი აფხაზი მებრძოლი დაიჭირეს, რამდენიმე დაიჭრა, ხოლო აფხაზურ ძალებთან საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ორი ყოფილი რუსი ოფიცერი დაიღუპა.


თბილისმა და სოხუმმა მოვლენების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. დაპირისპირების მთავარი წყარო კი ინციდენტის ადგილმდებარეობა გახდა.


აფხაზური მხარის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა აფხაზ მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკზე, რომელიც ბოხუნჯარას მთის ძირში მდებარეობს. ქართული მხარის ცნობით, აფხაზ დივერსანტთა ჯგუფი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა, რათა ზემო კოდორის ხეობაში გზის მშენებლობისთვის შეეშალა ხელი. თბილისის განცხადებით, შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ქართული ძალები ჯგუფის დაკავებას შეეცადნენ.        


”ინციდენტი აფხაზური მხარის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე მოხდა, ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს, საზღვრიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით,” – ნათქვამია გაეროს მისიის შუალედურ მოხსენებაში.


დასკვნა გაკეთდა შეტაკების დროს მოკლული ორივე ადამიანის სისხლის და ასევე ბოხუნჯარას მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული სისხლის ნიმუშების დნმ-ის ანალიზის საფუძველზე. დამატებითი ინფორმაცია ასევე შეგროვდა ორივე მხარის თვითმხილველთა ჩვენებებიდან, ნათქვამია მოხსენებაში.     


თუმცა, მოხსენებაში ასევე ნავარაუდებია, რომ შეტაკებამდე დაფიქსირდა აფხაზ მებრძოლთა გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ”თუმცა, UNOMIG-ს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ინფორმაციის სარწმუნოება დაადასტუროს,” – ნათქვამია მოხსენებაში. 


მოხსენება ასევე საფუძვლიანად მიიჩნევს აფხაზური და რუსული მხარეების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ორივე მოკლული, სავარაუდოდ, აწამეს.


”UNOMIG-ს სასამართლო ექსპერტების მიერ ორი ყოფილი რუსი ოფიცრის გვამების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა და რომ გასროლა მიბჯენით განხორციელდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.


თუმცა, ასევე ნათქვამია, რომ ამ დროისათვის გაეროს დამკვირვებელთა მისიის შემსწავლელ მისიას ”არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს მათი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები”. UNOMIG-ის თქმით, ამ კუთხით გამოძიება გრძელდება.  


20 სექტემბერს მომხდარი შეტაკება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში.  


ლავროვმა განაცხადა, რომ 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების დროს საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა დაიჭირა და სასტიკად აწამა ორი აფხაზი მებრძოლი. ამის საპასუხოდ, სააკაშვილმა 26 სექტემბერს ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს იყო არაკონსტრუქციული, უსაფუძვლო და არასწორი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ.


20 სექტემბრის ინციდენტი გაეროს დამკვირვებელთა მისიის და კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის მიღმა მოხდა. თუმცა, UNOMIG-ს აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა გამოძიების ჩატარების ნებართვა მისცეს.


8 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი აფხაზეთის შესახებ მოხსენებაში პან გი მუნი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონფლიქტის ზონასა და კოდორის ხეობას შორის არსებული ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და საარტილერიო რადარის გამოყენებით.


აფხაზური მხარე მიესალმა ამ ინიციატივას. ”ჩემი აზრით, გაეროს ეს წინადადება ჩვენს ინტერესებში შედის. ეს შექმნის უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებას ”თეთრ ლაქებში”, – განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.


გაეროს უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის მოხსენებასა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 6 თვით გაგრძელებაზე 15 ოქტომბერს გეგმავს მსჯელობას. აპრილის რეზოლუციაში უშიშროების საბჭომ მოუწოდა ქართულ მხარეს უზრუნველეყო  კოდორის ხეობაში სიტუაციის შესაბამისობა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებასთან.


საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთს სურს ამ ჩანაწერის უცვლელად გადატანა ახალ დოკუმენტში. ”თუმცა კონსულტაციებზე [უშიშროების საბჭოს წევრებთან] ჩვენის მხრიდან ვაყენებთ საკითხს, რომ იყო შესამჩნევი პროგრესი კოდორში და ეს ადეკვატურად უნდა აისახოს რეზოლუციაში,” – განუცხადა 9 ოქტომბერს ჟურნალისტებს ნიუ-იორკში ირაკლი ალასანიამ, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.

Back to top button