
ქართული ბრიგადა სრულად გააკონტროლებს ერაყში ვასითის პროვინციას
საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითმა ბრიგადამ ერაყში ვასითის პროვინციის სრული კონტროლის უფლებამოსილება 8 ოქტომბერს ოფიციალურად გადაიბარა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ქალაქ ალ კუტში გამართულ ცერემონიალს კოალიციური ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო საქართველოს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ზაზა გოგავას ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ალ-კუტში მშენებარე საგუშაგო მოინახულა, სადაც ქართული ასეული იმყოფება.
მოგვიანებით, დელეგაცია ბაღდათშიც გაემგზავრა, სადაც კოალიციური ჯარების სარდალთან, გენერალ პეტრაეუსთან და კოალიციური ჯარების კორპუსის შტაბის უფროსთან, გენერალ ანდერსონთან გაიმართა შეხვედრები.
საქართველოს მესამე ქვეითი ბრიგადა 2000 სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდილი შემადგენლობით ქალაქ ალ კუტში ივლისიდან მსახურობს და მათი ძირითადი მოვალეობაა ირანთან საზღვრის პატრულირება. ერაყში ქართული კონტიგენტის 300 კაცამდე შემცირება 2008 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.