ახალი ამბები

ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო აქციის პარალელურად კონფერენციას გეგმავს

დღეს მმართველი პარტიიდან დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგანგებოდ დაგეგმა 2 ნოემბერს საპროტესტო აქცია, რათა ხელი შეეშალა ამ დღეს დანიშნული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციისათვის.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, 2 ნოემბერს ნავარაუდევია რამდენიმე პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრების და მაღალი რანგის დიპლომატების დასწრება კონფერენციაზე. თუმცა მონაწილეთა ვინაობა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.


უცნობია ასევე კონფერენციის თემაც, რადგან დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ის დემოკრატიის განვითარების საკითხებს მიეძღვნება, ნაწილი კი განმარტავს, რომ ნატოს საკითხებთან იქნება დაკავშირებული.


”2 ნოემბრის კონფერენცია დიდი ხანია დაგეგმილია,”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნინო კალანდაძემ და იქვე დასძინა, რომ ”გამორიცხულია” ოპოზიციას ამ ღონისძიებისათვის საგანგებოდ არ დაემთხვია საპროტესტო აქციის მოწყობა.


გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2 ოქტომბერს საერთო სახალხო მოძრაობის დაწყებისას განაცხადა, რომ ერთ თვეში პარლამენტის შენობის წინ გრანდიოზული მიტინგი ჩატარდებოდა, ხოლო მაღალი რანგის კონფერენციის გამართვის შესახებ 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი.


”ამის შესახებ არავინ არ იცოდა”,- განაცხადა რესპუბლიკელთა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ”თუ დღეს მიხეილ სააკაშვილი რაღაც კონტრზომებს გეგმავს, ეს მისი პრობლემაა. მე ამას მხოლოდ მივესალმები იმიტომ, რომ პრეზიდენტები თავის თვალით ნახავენ რა განწყობებია მოსახლეობაში, რა უნდა ამ ხალხს და რისთვის გამოდის ქუჩაში”.  


დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ქვეყნების ყველა ელჩთან საქართველოში და ასევე აშშ-ს ელჩთან ჯონ ტეფტთან და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

”ვთხოვეთ დახმარება არჩევნების გზაზე, რომელიც არ არის გადატრიალების გზა, რაც არ უნდა  ხელისუფლება ლაპარაკობდეს ამას ჩვენს შესახებ,”- განაცხადა 9 ოქტომბერს საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების აპრილში გამართვა და საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მოდელით შეცვლა.


 

Back to top button