ახალი ამბები

ოპოზიციის მიმართვა ნატოს წევრი სახელმწიფოებისადმი

საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების
მიმართვა
ნატოს წევრი სახელმწიფოებისადმი, 4 ოქტომბერი, 2007 წელი



ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, გამოვხატავთ რა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და მხარს ვუჭერთ რა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ევროპულ ინტეგრაციას, უკიდურესად შეშფოთებული ვართ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის არაკომპეტენტური და უგუნური პოლიტიკის შედეგებით. ღირსებაშელახული და უფლებააყრილი მოსახლეობის უკმაყოფილებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. უმწვავესი პრობლემებისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და ქვეყანას ახალი საფრთხეების წინაშე აყენებს. ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ იკვეთება საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს დააზარალებს.


შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად ვთვლით თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვას 2008 წლის გაზაფხულზე, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუცია 2006 წლის ნომებერში სააკაშვილის გუნდის მიერ განხორციელებულ მორიგ კონსტიტუციურ ძალადობამდე. ამგვარი გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებს დააბრუნებდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, თავიდან აგვაცილებდა 2008 წლის აპრილის შემდეგ ხელისუფლების უზურპატორი პარალამენტის არსებობას, შექმნიდა პირობებს უმწვავესი პოლიტიკური დაპირისპირების ცივილიზებული საარჩევნო კონკურენციის რეჟიმში გადასაყვანად და დაარწმუნებდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ქართველ ხალხს მართლაც აქვს ევროპული სტანდარტის დემოკრატიული პოტენციალი და ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შესწევთ სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს გაძღოლის უნარი.


ამასთანავე, ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკა დიდწილადაა განპირობებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლების გაუმართლებელი მიმტევებლობითა და ზედაპირულობით. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობები ამ კრიტიკულ მომენტში მაინც გაიაზრებენ ადეკვატურად საქართველოში და მის გარშემო შექმნილ ვითარებას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.


ქართული საზოგადოება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული არჩევანის ერთგულია, იგი ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე პირისა და მათი უპასუხისმგებლო მფარველების გამო არ უნდა დაისაჯოს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს.


შალვა ნათელაშვილი          საქართველოს ლეიბორისტული პარტია
დავით უსუფაშვილი          საქართველოს რესპუბლიკური პარტია
კახა შარტავა                    პოლიტიკური პარტია ეროვნული ფორუმი
ზვიად ძიძიგური               საქართველოს კონსერვატიული პარტია
სალომე ზურაბიშვილი        საქართველოს გზა
კონსტანტინე გამსახურდია  პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”
კოკა გუნცაძე                   მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის
პაატა დავითაია                პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ”
კობა დავითაშვილი            ხალხის პარტია
ჯონდი ბაღათურია            პოლიტიკური მოძრაობა “ქართული დასი”

მსგავსი/Related

Back to top button