ახალი ამბები

ოპოზიცია ბურჯანაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დაგვიანებული იყო პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომელიც მან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასა და ამ ფაქტით გამოწვეულ პოლიტიკურ დაძაბულობაზე გააკეთა.


რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველასთვის კარგი იქნება თუ ნინო ბურჯანაძე რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდება ”რა უნდა და როგორ წარმოუდგენია თავისი პოლიტიკური მომავალი”.


კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ კახა კუკავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბურჯანაძის პასუხისმგებლობა გაორმაგებულია, ”იმიტომ რომ ქვეყნის პირველი პირი რეალურად არის არაქმედუნარიანი”.


ნინო ბურჯანაძემ მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი 3 ოქტომბერს გააკეთა განაცხადა რა რომ ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა საკადრო შეცდომა იყო, რაც მთავრობის საკადრო პოლიტიკის სერიოზული გადახედვის საჭიროებაზე მიანიშნებს.


”ეს მისი ღირსებისთვის არის საკმაოდ შემლახველი განცხადება, როცა ის დღეს საუბრობს იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნა იყო საკადრო შეცდომა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ზის ციხეში,”- განაცხადა კახა კუკავამ, ”როცა ოქრუაშვილი იყო მინისტრის კაბინეტში, ჩვენ ქალბატონის ნინოსგან მსგავსი განცხადებები არ მოგვისმენია”.   


ნინო ბურჯანაძემ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად ოპოზიციას დიალოგიკენ მოუწოდა.


”გამოსავალი არ არის მიტინგების მოწყობა,”- განუცხადა ბურჯანაძემ 4 ოქტომბერს ჟურნალისტებს, ”გადაწყვეტილებები უნდა მიღებული იქნას არა ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, არამედ იმის მიხედვით რამდენად სწორია ის მოთხოვნა, რომელსაც ესა თუ ის ჯგუფი აყენებს”.


მისი თქმით, ნაადრევია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, სანამ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მიმართ ეჭვები არ არსებობს. საგამოძიებო კომისიის შექმნა ახალმა მემარჯვენეებმა მოითხოვეს.


”ხელისუფლება უნდა დათანხმდეს ჩვენს წინადადებას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მართლაც დაადგენს ვინ არის მტყუან-მართალი, რა დოზით არის სიმართლე როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის არგუმენტებსა და ბრალდებებში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსტრუქციულ დიალოგზე”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენების წარმომადგენელმა, დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ. 


ნინო ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, უნდა მიეცეს ”სრული შესაძლებლობა”, რათა მან მტკიცებულებებით გაამყაროს ის ბრალდებები, რომელიც ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს წაუყენა. 


”ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალიან გამჭვირვალედ საზოგადოებას მიაწოდოს ყველა დამამტკიცებელი საბუთი იმ პრეტენზიებისა, რომელიც აქვთ ბატონ ოქრუაშვილთან მიმართებაში,”- განაცხადა 4 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ირგვლივ ეჭვების არსებობის შემთხვევაში, ”აუცილებლად” დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.  



 

Back to top button