ახალი ამბები

დღევანდელი დღიდან ვიწყებთ ათვლას აფხაზეთში დასაბრუნებლად – სააკაშვილი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით სურს, მაგრამ ”ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის.” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ოქტომბერს.


იგი საუბრობდა ზუგდიდში, სადაც ახალი რადიოტალღის  – ”აფხაზეთის ხმა” პრეზენტაციას დაესწრო.


”ჩვენ, ქართველები ძალიან მომთმენი და საოცარი ხალხი ვართ,”- განაცხადა მან, ”მაგრამ მსოფლიოს გასაგონად მინდა ვთქვა: ჩვენი მოთმინება ზღვარს უახლოვდება და იწურება”.


მისი თქმით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს აფხაზეთის დაბრუნებისკენ.


”დღევანდელი დღიდან ვიწყებთ ათვლას აფხაზეთში დასაბრუნებლად,”- განუცხადა სააკაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ მოქალაქეებს, ”შარშან აღვადგინეთ კონტროლი ზემო აფხაზეთზე – აფხაზეთის გულზე. აფხაზეთში დასაბრუნებლად ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო. ახლა სოხუმს თავს გადავყურებთ და ვსუნთქავთ სოხუმს, ჩვენს სახლებსა და ჩვენს წმინდა მიწას. დღეს ჩვენ დავბრუნდით აფხაზეთის რადიოს ეთერში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე – ეს არის მეორე წინგადადგმული ნაბიჯი”.


”ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება იმ მიწაზე, სადაც შარშან სკოლის ბიბლიოთეკებიდან ყველა ქართული წიგნი გამოიტანეს და დაწვეს – ეს იყო გაგრაში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

”ჩვენ დავბრუნდებით, საკითხი დგას მხოლოდ ასე – როდის? როდის და მალე – მტრის ჯინზე და ჩვენს გასახარად!”


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის კომპრომისებისათვის, თუმცა არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.


”მინდა ვუთხრა სეპარატისტებს, რომ ვუწვდით მათ მოლაპარაკების ხელს, მაგრამ მოლაპარაკება არის ორმხრივი და თანასწორი,”- განაცხადა მან.


”ჩვენ ბევრი რამის მიმცემი ვართ, თუმცა ვიდრე რამეზე მოვილაპარაკებთ, პირველი რაც უნდა ითქვას არის ის, რომ აფხაზეთი საქართველოა!”- აღნიშნა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისი არ აპირებს გაეროს რეკომენდაციების შესაბამისად გააუქმოს განმუხურის პატრიოტთა ბანაკი, რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.


”რამდენი დადგენილება და რეკომენდაციაც არ უნდა მიიღონ, არც ერთი ქართველი აღარ დატოვებს ენგურის ნაპირს, რომელსაც განმუხურის ბანაკი ეწოდება,”- განაცხადა მან.


სექტემბერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ კი გაეროს ”ამორალური და უბადრუკი” რჩევები.


სააკაშვილმა ასევე მოუწოდა ერთიანობისაკენ და გაიხსენა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში არსებული პოლიტიკური ქაოსი, რასაც აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა.


საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში დუშანბედან დაბრუნების შემდეგ ჩავიდა, სადაც დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტს დაესწრო.


”დღევანდელი დღე დსთ-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გავატარე, მაგრამ თქვენთან ერთად ყოფნას არაფერი არ სჯობს,”- განუცხადა პრეზიდენტმა ზუგდიდელებს.


ტაჯიკეთში ვიზიტამდე სააკაშვილმა მიანიშნა, რომ შესაძლოა პირისპირ შეხვედრა გაემართა რუს კოლეგასთან, თუმცა ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.


”მინდა შეგახსენოთ, დღეს, როდესაც უარი ვთქვი დსთ-ის ერთ-ერთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, გამახსენდა, რომ ჩემმა წინამორბედმა [ედუარდ შევარდნაძემ] მოაწერა ხელი მოსკოვის ხელშეკრულებას და დავკარგეთ გაგრა; მოაწერა ხელი სოჭის ახალ ხელშეკრულებას და დავკარგეთ ოჩამჩირე და გალი; სამშვიდობოების სახით აქ არამკითხე მოამბეები ჩაგვიყენეს,” – განაცხადა პრეზიდენტმა ზუგდიდში, ”არცერთი ახალი კაპიტულანტური ხელმოწერა აღარ იქნება!”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button