ახალი ამბები

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგი დარღვევებზე მიუთითებს

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCG) განხორციელებისას გარკვეული ხარვეზებია აღმოჩენილი, რაც ძირითადად არასწორ მენეჯმენტს, დაგეგმილი ბიუჯეტის სრულად აუთვისებლობას და პროგრამული ვადების დარღვევებს უკავშირდება, ნათქვამია პროგრამის მონიტორინგის ანგარიშში.


აღნიშნული ანგარიში, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და ”ეკონომიკური კვლევის ცენტრის” და ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ერთობლივი პროექტია, 2007 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდს მოიცავს.


ანგარიშის გამოქვეყნებამდე MCG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა შანიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები არ გახმოვანებულა.


MCG-ის მონიტორინგის ანგარიშში ძირითადი აქცენტი კეთდება სამცხე-ჯავახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დაწყების თითქმის ერთი წლით გადავადებაზე, რისი მიზეზიც 2007 წლის ზაფხულში ჩატარებული ტენდერის ჩაშლა გახდა. ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფასები პროექტის არსებულ ბიუჯეტზე ბევრად მეტი იყო.


”ეს ფაქტი, სავარაუდოა, რომ პროექტის კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს,”- ნათქვამია ანგარიშში.


გარდა ამისა, დაფიქსირდა ვადების დარღვევები ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის 245 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობისას, რადგან ”სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ზამთარში, რამაც რუსეთის ემბარგოს გამო მილების დაგვიანებით მოწოდებასთან ერთად პროექტის კიდევ უფრო დაგვიანება გამოიწვია”.  ამჟამად ამ პროექტის მეორე ფაზა მიმდინარეობს.


მონიტორინგის შედეგად ასევე გამოიკვეთა ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის ფაქტიც. კერძოდ, MCG-მ პროგრამის განხორციელების პირველ წელს ხუთივე პროგრამის დასაწყებად დაგეგმა 21 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ბიუჯეტი, საიდანაც მხოლოდ 8 მლნ აშშ დოლარი იქნა ათვისებული (2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით), თუმცა ეს თანხები 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო დოკუმენტში აისახა 39,2 მლნ ლარის ოდენობით.  აუთვისებელი თანხები ფონდის ანგარიშზე ნაშთის სახით რჩება.


”აქედან გამომდინარე, აუცილებელია დაგეგმვის სრულყოფა, რადგან დაგეგმილ და ათვისებულ თანხებს შორის ცდომილება სახიფათო ზღვარს აღწევს,”- ნათქვამია ანგარიშში, ”ამასთან აუცილებელია ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობა , რათა ბიუჯეტში ასახული ხარჯები შეესაბამებოდეს ფონდის მიერ დაგეგმილსა და რეალურად ათვისებულს”.


”სამოქალაქო სექტორის მოვალეობაა ამაზე ხმამაღლა ისაუბროს და მთავრობისაგან მოითხოვოს პასუხები,”- განაცხადა დღეს ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ საუბარია მხოლოდ გადაცდომებზე და ”არა კორუფციასა და დანაშაულზე”.  


MCG-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტების უმეტესობა შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა ”დასკვნები მაინც ზედაპირულია”.


”ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის საზოგადოებრივი მონიტორინგი და წარმოდგენილი რეკომენდაციები, რასაც მომავალში გავითვალისწინებთ,”- განუცხადა Civil.ge ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო ბერაძემ.


იმავდროულად, MCG-ის ფინანსური დირექტორი ირაკლი ჩხაიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად დაგეგმილ ბიუჯეტში ცვლილებები ”არანაირ საფრთხეს არ უქმნის პროგრამის განხორციელებას”.


”ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც დროდადრო ცვლილებებს განიცდის და ყველა ეს პროცედურა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან შეთანხმებით ხორციელდება,”- განუცხადა ირაკლი ჩხაიძემ Civil.ge-ს.


საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის 295 მილიონ აშშ დოლარიანი დახმარების ხუთწლიანი პროგრამა 2006 წლის აპრილიდან დაიწყო და მოიცავს სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის (102,2 მლნ აშშ დოლარი), ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის (49.5 მლნ აშშ დოლარი), რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების (60 მლნ აშშ დოლარი), რეგიონული განვითარების ფონდს (32.5 მლნ აშშ დოლარი) და აგრობიზნესის განვითარების (15 მლნ აშშ დოლარი) პროექტებს.

Back to top button