ახალი ამბები

ოპოზიციის დიდი ნაწილი საერთო სახალხო მოძრაობას იწყებს

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სახალხო მოძრაობის კამპანიის გაშლას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს, ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


ამ პროცესს ორგანიზებას გაუწევს ეროვნული საბჭო, რომელიც თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, რომელთაც 28 სექტემბერს ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქციას არ შეერთებიან ახალი მემარჯვენეები. 


ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმას სპეციალური აღმასრულებელი შტაბი შეიმუშავებს, რომელსაც  ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე უხელმძღვანელებს.


”საერთო სახალხო მოძრაობა შეაღწევს ყველა უბანში, ყველა სოფელში, ყველა სადარბაზოში და არ დასრულდება მანამ, სანამ ეს კრიმინალური ხელისუფლება არ დაჯდება საბრალდებო სკამზე,”- განაცხადა კოკა გუნცაძემ. 


”პარტიები გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას პარტიულ ასპექტში, ხოლო მათი გამაერთიანებელი ლოზუნგები და მათი მიზნები იქნება ასახული სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევის შედეგად,”- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.

Back to top button