ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას ძმა ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გოგა ჟვანია ”ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს ახალი ოპოზიციონერი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, რაც მიმდინარე გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და ემთხვევა ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.


25 სექტემბერს ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს თავდაცვის მინისტრი იყო, მანამდე კი შსს-ს და გენპროკურატურას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გვამი მიიტანეს იმ ბინაში, სადაც ის მოგვიანებით აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა, თუმცა აღნიშნა, ”არ ვიტყვი, რომ ჟვანია მოკლეს”.


”ოქრუაშვილი საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და როდესაც ასეთი ადამიანი აცხადებს იგივეს[რასაც ოჯახი], ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” გოგა ჟვანიამ, ”მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ  შესაძლებელი იქნება კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა.”


ზურაბ ჟვანიას ძმა იმედოვნებს, რომ შეხვდება ოქრუაშვილს და ექნება ამ საკითხებზე მასთან კონკრეტული საუბრის საშუალება.


ოქრუაშვილის განცხადებებს ასევე გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები.  


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, ”ალბათ საჭირო არის უკვე პროკურატურასთან კითხვების დასმა”.


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ჟვანიას გარდაცვალების თემით ”სპეკულირებას” არავის ურჩევს.


”ამ ადამიანებს ჟვანია პოლიტიკური თვითდამკვიდრების მიზნით ახსენდებათ და მათგან განსხვავებით, მე სხვა დოკუმენტები მაქვს და სხვა მასალები, რომელზეც ახლა არ მინდა ვისაუბრო,”- განუცხადა 26 სექტემბერს მაჭავარიანმა ჟურნალისტებს, თუმცა არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა.


წინასწარი ოფიციალური ვერსიის თანახმად (გენერალურ პროკურატურას საბოლოო დასკვნები გამოძიების შესახებ ჯერ არ გამოუქვეყნებია), პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. ინციდენტი 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში ნაპოვნი იქნა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. გამოძიების ამ ვერსიას ჟვანიების ოჯახი უნდობლობას უცხადებს.

Back to top button